თბილისი, 10 მაისი — Sputnik. კომპანია "საქნახშირმა", რომელსაც ტყიბულში მინდელის სახელობის ქვანახშირის მომპოვებელი შახტი ეკუთვნის, შეკრიბა სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც ოთხი მეშახტის ტრაგიკული დაღუპვის მიზეზების დადგენას შეუდგა, აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
უბედური შემთხვევა სამშაბათს, საღამოს მოხდა. ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში მიმდინარეობდა მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი. ბაგირის გამოცვლის დროს ჩაწყდა საბარგო კაბინა და ოთხი მაღაროელი დაახლოებით 400 მეტრი სიმაღლიდან ჩავარდა. ისინი ადგილზე დაიღუპნენ. მათი ცხედრების ამოტანა მხოლოდ გამთენიისას მოხერხდა.
"ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაზე მიმდინარეობდა ბადიას (ნახშირის ამომღები მოწყობილობის) ბაგირის შეცვლის გეგმიური სარემონტო სამუშაოები, რომელზეც დაკავებული იყო შახტის სარემონტო ბრიგადა, სამუშაოებზე პასუხისმგებელი პირის ხელმძღვანელობით. სამუშაოების მსვლელობის პროცესში ნახშირის ამომღები ბადია, რომლის უშუალო სარემონტო სამუშაოებით დაკავებული იყო ოთხი თანამშრომელი, ჯერ კიდევ დაუდგენელი მიზეზების გამო, ჩაწყდა სარემონტო პოზიციიდან", — აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
ადგილზე მყოფმა ბრიგადის სხვა წევრებმა დისპეტჩერს მომხდარის შესახებ შეატყობინეს, რის შემდეგაც გამოიძახეს იქნა სამთო მაშველთა და სასწრაფო დახმარების სამსახურები.
შექმნილია მოკვლევის ჯგუფი, რომელიც დაადგენს ავარიის გამომწვევ მიზეზებს, აღნიშნულია განცხადებაში.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
"საქნახშირი" ჰოლდინგის "ქართული ინდუსტრიული ჯგუფი" (GIG) შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა მოიცავს ქვანახშირის მოპოვებას, მის გამდიდრებასა და რეალიზაციას. ქართულ ბაზარზე ის ქვანახშირის მომპოვებელი ერთადერთი კომპანიაა.