თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა ტყიბულის შახტაში სამშაბათს საღამო დატრიალებული ტრაგედიის გამო.
„ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ტყიბულში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი. ამ უმძიმეს წუთებში, თანადგომას ვუცხადებ შახტაში მომუშავეთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს", — ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის ადმინიტრაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.
გიორგი მარგველაშვილი ეჭვობს, რომ დატრიალებული ტრაგედია მხოლოდ შემთხვევითობაა და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაამკაცროს ზომები შრომის უსაფრთხოების კონტროლის წესების აღსრულებაზე.
„სამწუხაროდ, ეს უკვე მერამდენე ტრაგედია ვერ ჩაითვლება უბრალოდ „შემთხვევად“. შრომის უსაფრთხოების დღეს არსებული პირობები, თუნდაც მოქმედი კანონმდებლობის დაცვის ხარისხი, სამწუხაროდ, ეფექტურად ვერ გამორიცხავს მსგავს უბედურებებს. საჭიროა მთლიანი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და ცხადია, პირველ რიგში ხელისუფლების ძალისხმევა მიიმართოს შრომის უსაფრთხოების წესების დახვეწისა და მათი აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ", — ნათქვამია განცხადებაში.
სამშაბათს საღამოს გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედია დატრიალდა ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შახტაში მიმდინარეობდა მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი, რა დროსაც მოწყობილობა მოწყდა და თან ჩაიყოლა მომსახურე პერსონალი. ჯერჯერობით დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება. შახტაში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.