„ციხის სკანდალიდან“ თითქმის ხუთი წლის შემდეგ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, გლდანის საპატიმრო დაწესებულების კიდევ ექვსი ყოფილი თანამშრომლის დაპატიმრების შესახებ გამოაცხადა.
„ციხის სკანდალი“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, გლდანის ციხეში პატიმართა წამების საქმის გახსნის და ამ საქმესთან დაკავშირებით სამი თანამშრომლის დაკავების შესახებ შსს-ს განცხადებით დაიწყო. იმავე ღამეს, სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებებში მომხდარი პატიმართა ცემის და გაუპატიურების ამსახველი აუდიოჩანაწერები ორმა ტელეარხმა გაასაჯაროვა. დაიწყო საპროტესტო აქციები, რის შემდეგ ხელისუფლებამ აღიარა, რომ პატიმართა წამება სისტემურ ხასიათს ატარებდა.
2012 წლის არჩევნები მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებით და ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის კოალიციის „ქართული ოცნების“ მოსვლით დასრულდა. იმ დროისათვის პატიმართა წამების საქმესთან დაკავშირებით პასუხისმგებლობაში მიცემული იყო საპატიმრო დაწესებულებების 70 თანამშრომელი, მათგან 42- ს სხვადასხვა ვადის პატიმრობა მიესაჯა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, ოლეგ ფაცაციას, ნუგზარ მარღიას, მალხაზ ღვინიაშვილის, ზაზა ხარაიშვილის, ვახტანგ გუგუციძის, დავით ჩიხლაძის და დავით ნოზაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას და არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას“, — ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ამჯერად დააკავეს ექვსი მათგანი. ფაცაცია, რომელიც გლდანის ციხის რეჟიმის უფროსის თანამდებობას იკავებდა, 2012 წელს ციხის სკანდალის შემდეგ დააკავეს. ის ორ ეპიზოდში დამნაშავედ სცნეს და მას 9 წლით პატიმრობა მიენიჭა.
„დადგინდა, რომ აღნიშნული პირები პატიმრებს N8 დაწესებულებაში შესახლებისას, განურჩევლად უსწორდებოდნენ ძალადობრივი მეთოდებით, აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ პერიოდშიც ამავე პატიმართა მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რისი მიზანიც იყო მათი უსიტყვო მორჩილება“, — აღნიშნეს პროკურატურაში.
საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ციხის ყოფილი თანამსრომლები პატიმრებს უკანონოდ უზღუდავდნენ გასეირნების, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლებას. არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, მათ ასევე შეზღუდული ჰქონდათ ძილისთვის და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო. ციხის თანამსრომლებს პატიმრები საკნიდან თვითნებურად გამოჰყავდათ, კეტავდნენ მათ აბანოში, სადაც ხელკეტებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენებით უსწორდებოდნენ მათ.
„ამასთან, პატიმართა მორალური ტანჯვის მიზნით, ადგილი ჰქონდა მათ მოთავსებას სასჯელაღსრულების დაწესებულების მორგში, გარდაცვლილ პირებთან ერთად, სადაც პატიმრებს ამწყვდევდნენ გარკვეული დროის მანძილზე“, — ნათქვამია განცხადებაში.
დაკავებულთა ბრალის დასადგენად, დაიკითხა 600-მდე მსჯავრდებული, რომლებიც სხვადასხვა დროს განთავსებული იყვნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში. მოწმეთა ჩვენებებიდან გამომდინარეობს, რომ განსაკუთრებული სისასტიკით ფაცაცია და ღვინიაშვილი გამოირჩეოდნენ, ისინი 100-ზე მეტმა მსჯავრდებულბა ამხილა. დანარჩეინ ხუთი ბრალდებული ათობით მსჯავრდებულმა ამხილა.
საქმეზე გამოძიება გრძელდება. დაკავებულებს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.