თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. კობა ანთიასა და ონისე ლაგვილავას, პატიმრების ცემისა და დამცირების ბრალდებით, თითოეულს 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, აღნიშნულია ქვეყნის მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებულ ცნობაში.
ანთია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N4 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი იყო, ხოლო ლაგვილავა – ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის ბრალდებები სრულად გაიზიარა. კერძოდ, რომ ლაგვილავა და ანთია 2009–2012 წლებში ხშირად ამცირებდნენ პატიმრებს, ხდიდნენ ტანსაცმელს, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და სცემდნენ, ასევე აშანტაჟებდნენ. ასე სურდათ მათ პატიმრების „მოთვინიერება“ და თანამშრომლობაზე დათანხმება.
ლაგვილავასა და ანთიას წინააღმდეგ სისხლის სამმართლის საქმე აღძრული იყო სსკ–ის მუხლით „დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირების მიმართ“.
სასამართლომ ბრალდებულებს თავდაპირველად 4 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ შემდეგ, „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე ეს ვადა 3 წლამდე და ექვს თვემდე შემცირდა.
ეს საქართველოს საპატიმროების თანამშრომლების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის პირველი შემთხვევა არ არის.
2012 წელს ქართულ ტელეარხებზე გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც პატიმრების წამების შოკისმომგვრელი კადრები იყო აღბეჭდილი. ე.წ. ციხის სკანდალის შემდეგ პატიმრების წამების საქმეზე ბევრი ადამიანი დააკავეს.