თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის 31 აგვისტოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით, სამინისტროს საბადრაგო სამსახურის სამი თანამშრომელი დააკავა, იტყობინება უწყების პრესსამსახური.
დაკავებულები არიან თბილისის საბადრაგო სამსახურის მეორე განყოფილების ცვლის უფროსი მ.ს., ცვლის უფროსის მოადგილე რ.ბ. და გუშაგი-ბადრაგი გ.ტ.
გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა ერთი მუხლის პირველი ნაწილით (სასჯელაღსრულების დაწესებულების მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ შესაბამის დაწესებულებაში დადგენილი წესის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ან ბადრაგირებისას გაქცევა ანდა სასჯელაღსრულების დაწესებულების საქმიანობის დეზორგანიზაცია) აწარმოებს, რაც სასჯელს - 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვარამაშვილის ძებნა დღემდე გრძელდება. არაოფიციალური ინფორმაციით, ვარამაშვილი მანამდე ექვსჯერ იყო ნასამართლევი ქურდობისა და ყაჩაღობისათვის. ამასთან მედიის წარმომადგენლები ესაუბრნენ ვარამაშვილის ადვოკატს ალექსანდრე კობაიძეს. იურისტმა განაცხადა, რომ ვარამაშვილის ადგილას თავადაც გაიქცეოდა. მისი თქმით, ვარამაშვილი სასჯელს N6 საპატიმროში იხდიდა, სადაც ძალიან ცუდი პირობებია. ადვოკატის ეს განცხადება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უყურადღებოდ არ დაუტოვებია — მათ იურისტი "ადვოკატის შესახებ" კანონის დარღვევასა და ადვოკატის ეთიკის დარღვევაში დაადანაშაულეს.
უწყებაში იტყობინებიან, რომ გაქცეული ვარამაშვილი მარალი რისკის პატიმარი იყო და ხშირად არღვევდა ციხის რეჟიმს. სამინისტროში აცხადებენ, რომ პროფესიული ეთიკის კომისიაში უჩივლებენ ადვოკატს.