თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ რუსთავში სასამართლო სხდომიდან გაქცეული ოთარ ვარამაშვილის ფოტო და დამატებითი ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ვარამაშვილი გუშინ რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან მას შემდეგ გაიქცა, რაც სპეციალურმა ბადრაგმა ის მორიგ სასამართლო მოსმენაზე მიიყვანა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ვერსიით, სხდომის დაწყებამდე ვარამაშვილმა განაცხადა, რომ თავს ცუდად გრძნობდა, მისთვის სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ის სწორედ სამედიცინო დახმარების აღმოჩენის დროს გაიქცა.
„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია აქვს ფოტოზე აღბეჭდილი პირის — ოთარ ბადრის ძე ვარამაშვილის სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ, დაგვიკავშირდნენ სატელეფონო ნომრებზე — 032 2 75 23 85, 577 28 25 19“, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ვერსიას გაქცევის შესახებ ეჭვქვეშ აყენებს ტელეკომპანია „რუსთავი2“, რომელიც აცხადებს, რომ ვარამაშვილი არა სამედიცინო შემოწმების დროს, არამედ ტუალეტის ფანჯრიდან გაიქცა და მას ქუჩაში ავტომობილი ელოდებოდა.
არაოფიციალური ვერსიით, ვარამაშვილი ადრე მრავალჯერაა ნასამართლევი ხუთი ქურდობისა და ყაჩაღობისთვის.