თბილისი, 10 მაისი — Sputnik. სტეფანწმინდაში დაიწყო ტურისტული კომპლექსის მშენებლობა, სადაც განთავსდება საგამოფენო სივრცე, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი და ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია, აღნიშნულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განცხადებაში.
ტურისტულ ცენტრში ყველა მსურველი დეტალურ ინფორმაციას მიიღებს რეგიონისა და ტურისტული სერვისების შესახებ.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად კომპლექსის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა.
სამშენებლო სამუშაოებს გერმანიის მთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ახორციელებს. პროექტის ღირებულება 793 450 ლარს შეადგენს.
2017 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 6 737 500 ლარი დაიხარჯება.
ყაზბეგი — საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა, რომელსაც ყოველწლიურად ათი ათასობით ტურისტი სტუმრობს.
ულამაზესი ბუნება და საოცარი ხედები — ამ რეგიონის მთავარი ღირსშესანიშნაობაა.
ყაზბეგის მწვერვალი ხშირად ღრუბლებით არის დაფარული, მისი ნახვა ძირითადად, დილით არის შესაძლებელი. სტეფანწმინდაში ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მოქმედებს, რომელიც მწერალ ალექსანდრე ყაზბეგის სახლში მდებარეობს.
სოფელ გერგეტის თავზე, ზღვის დონიდან 2200 მეტრის სიმაღლეზე XII-XIII საუკუნეებით დათარიღებული გერგეტის წმინდა სამების ეკლესია მდებარეობს. დიდი ხნის განმავლობაში სოფლის მცხოვრებნი ეკლესიის მცველები იყვნენ და თაობებს ეკლესიის შესასვლელი კარიბჭის გასაღებებს გადასცემდნენ.
ყაზბეგის ეროვნულ პარკში 1347 სახეობის მცენარე არის წარმოდგენილი. ნაკრძალში 105 დასახელების ხე-მცენარეა. ყაზბეგის ფლორა ველური სამკურნალო მცენარეებით არის მდიდარი.
პარკში საქართველოს "წითელ სიაში" შეტანილი იშვიათი ცხოველები ბინადრობენ — არჩვი, ჯიხვი, მურა დათვი, ფოცხვერი და სხვა.