თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას აშშ-სა და საქართველოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ.
„შეთანხმება იძლევა საფუძველს, გაძლიერდეს უსაფრთხოების დარგში ურთიერთობა და ტერორიზმის წინააღმდეგ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის“, — ნათქვამია საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიამდე მხარეებმა მოლაპარაკებების გამართეს.
როგორც ტილერსონმა აღნიშნა, საქართველო რეგიონში წარმატების სიმბოლოა, ხოლო ქვეყანაში გატარებული რეფორმები საქართველოსა და აშშ-ს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კარგი საფუძველია.
პოლიტიკოსებმა დეტალურად განიხილეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებსა და მათ დასაძლევად საერთო ძალისხმევის მნიშვნელობაზე.
კვირიკაშვილმა ტილერსონს საქართველოს ხელისუფლების არაკონტროლირებად ტერიტორიებზე —აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება გააცნო და ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში აშშ-ის მიერ გაწეული ძალისხმევისთვის.
აშშ-ში საქართველოს პრემიერის ოფიციალური ვიზიტი ორშაბათს დაიწყო. კვირიკაშვილმა შეხვედრები უკვე გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენთან, სენატორებთან და ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლებთან.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და პრემიერის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე.
საქართველომ და აშშ-მა დიპლომატიური ერთიერთობა დაამყარეს 1992 წლის 23 აპრილს. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული ურთიერთობის გაფართოებას და ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიის, კულტურის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობას.