წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მსოფლიო დღე

© photo: Sputnik / Andrey Telichev / გადასვლა მედიაბანკშიწითელი ჯვრის ორგანიზაციის დროშა
წითელი ჯვრის ორგანიზაციის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დახმარება ადამიანებისა ყველაზე რთულ წუთებში და ყველაზე ცხელ წერტილებში – ესაა მისია, რომელსაც უკვე ამდენი წელია, უანგაროდ ასრულებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.

საერთაშორისო მოძრაობის ძირითადი ფასეულობებია ჰუმანურობა, მიუკერძოებლობა, ნეიტრალურობა, დამოუკიდებლობა, ნებაყოფლობა, ერთიანობა და უნივერსალურობა.

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის (World Red Cross and Red Crescent Day) მსოფლიო დღე ყოველწლიურად 8 მაისს აღინიშნება. ამ დღეს დაიბადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დამაარსებელი, შვეიცარიელი ჰუმანისტი და საზოგადო მოღვაწე, ნობელის მშვიდობის პრემიის პირველი ლაურეატი ანრი დიუნანი (Henri Dunant, 1828-1910).

ამ მოძრაობის ეროვნული ორგანიზაციები ყოველ წელს სხვადასხვა ღონისძიებებს მართავენ, რათა კიდევ ერთხელ განსაკუთრებით აღნიშნონ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის უნიკალური როლი მათ ქვეყანაში.

ისტორია

1859 წლის 24 ივნისს ჩრდილოეთ იტალიაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საფრანგეთის, იტალიის, ავსტრიისა და სარდინიის არმიები. ბრძოლის ველზე ექვსი ათასი მეომარი დაეცა, 42 ათასი — დაიჭრა. სანიტარული სამსახურები ამდენ დაჭრილს ვერ უმკლავდებოდნენ, დაჭრილები წამებისთვის იყვნენ განწირული.

ამ საშინელი სურათის მოწმე გახდა ახალგაზრდა მეწარმე შვეიცარიიდან ანრი დიუნანი. ის იმდენად დაზაფრა ნანახმა, რომ ახლომდებარე დასახლებების მოსახლეობას სთხოვა, დაჭრილებისთვის, მიუხედავად მათი ეროვნებისა და იმისა, თუ რომელ არმიაში იბრძოდნენ, დახმარება აღმოეჩინათ. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დაიწყეს დაჭრილების დახმარება და დიუნანთან ერთად იმეორებდნენ სიტყვებს – "ყველა ადამიანი ძმაა".

1863 წელს ჟენევის ხუთმა მცხოვრებმა ჩამოაყალიბა დაჭრილთა დახმარების საერთაშორისო კომიტეტი; იმავე წლის თებერვალში გაიმართა კომიტეტის პირველი სხდომა. გენერალი ანრი დიუფუა კომიტეტის პრეზიდენტად აირჩიეს, ხოლო დიუნანი — მდივნად. ესაა დაჭრილთა დახმარების საერთაშორისო კომიტეტის დაბადების დღე (1880 წლიდან — წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი).

1863 წლის ოქტომბერში ჟენევაში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც გადაწყდა, რომ ყოველ ქვეყანაში შექმნილიყო დაჭრილთა დახმარების ნებაყოფლობითი კომიტეტები, ხოლო სამედიცინო და სანიტარული პერსონალისთვის, რომელიც იმოქმედებდა ოფიციალურ და ნებაყოფლობით საფუძველზე, მიენიჭებინათ ნეიტრალური სტატუსი.

შვეიცარიის მთავრობის ინიციატივით ჟენევაში 1864 წელს გაიმართა დიპლომატიური კონფერენცია, რომელზეც 16 ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს ჟენევის კონვენცია დაჭრილი და ავადმყოფი მეომრების მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. ყოველ ქვეყანაში შეიქმნა კომიტეტები, რომელთა ემბლემაც გახდა წითელი ჯვარი თეთრ ფონზე.

© photo: Sputnik / Ali Hassanწითელი ნახევარმთვარის ექიმები ალეპოში
Врачи Красного Полумесяца на улице Алеппо  - Sputnik საქართველო
წითელი ნახევარმთვარის ექიმები ალეპოში

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი — ICRC

1867 წელს დაჭრილთა დახმარების საერთაშორისო კომიტეტს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ეწოდა, რომლის სათავო ოფისი ჟენევაშია განთავსებული.

1919 წელს წითელი ჯვრის აშშ-ის საზოგადოების პრეზიდენტის ჰენრი პ. დევისონის ინიციატივით შეიქმნა წითელი ჯვრის საზოგადოების ლიგა, ხოლო 1991 წელს მას წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების საერთაშორისო ფედერაცია ეწოდა — IFRC.

წითელი ჯვრის საზოგადოება საქართველოში

საქართველოში წითელი ჯვრის საზოგადოება 1918 წელს შეიქმნა.

1923 წელს მან დამოუკიდებელი საქმიანობა შეწყვიტა და საბჭოთა კავშირის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ალიანსის წევრი გახდა.

საქართველოს პარლამენტმა 1993 წელს 1949 წლის ჟენევის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, ხოლო 1995 წელს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ განაახლა თავისი არსებობა, როგორც დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია განსაკუთრებული უფლება-მოვალეობები.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მისიაა გაჭირვებულთა დახმარება საგანგებო სიტუაციებისა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში როგორც მატერიალური, ისე ადამიანური რესურსების გამოყენებით.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქმიანობისთვის საკანონმდებლო სფერო იხვეწება

1997 წლის ნოემბრიდან საქართველო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების საერთაშორისო ფედერაციის წევრი გახდა.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მოსახლეობას თავისი საქმიანობის განმავლობაში დიდი დახმარება გაუწია. ამჟამად წითელ ჯვარს მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს 39 ფილიალი, საქმიანობის 29 ცენტრი სხვადასხვა სერვისით ასაკოვანი ადამიანებისა და ახალგაზრდებისთვის, ასევე სამი სამედიცინო კაბინეტი.

დღეს საქართველოში წითელი ჯვრის საზოგადოების წევრი 2 ათასი ადამიანია. მასში გაერთიანებულია 15 ათასი მოხალისე, აქედან 600-ზე მეტი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელია.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ამჟამად სხვადასხვა საკითხსა და პროექტზე მუშაობს, მათ შორის ქვეყანაში ადგილობრივი თემებისთვის უსაფრთხო ადგილების ფორმირება, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კლიმატური ცვლილებების ფორუმის ჩატარება, პირველადი დახმარების, ფსიქოსოციალური დახმარების აღმოჩენა, სისხლის უანგაროდ ჩაბარება; ასევე აივ-შიდსის რისკის შემცირება და პრევენცია, რეზისტენტული ტუბერკულიოზის კონტროლი, დიაბეტის კონტროლი და მართვა, საქართველოს ყველაზე დაუცველი ფენების განათლების განვითარება.

საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციისთვის ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი პერიოდები ბოლო პერიოდში იყო 2008 წლის ომი, ბუნებრივ კატაკლიზმებზე რეაგირება.

ამჟამად წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის გლობალური და დამოუკიდებელი ქსელი შედგება მთელ მსოფლიოში 17 მილიონი ადამიანისგან და 450 ათასი თანამშრომლისგან. ისინი მუშაობენ სხვადასხვა თემებთან მსოფლიოს 190 ქვეყანაში.

ყველა ახალი ამბავი
0