რას აკეთებენ საქართველოში შშმ პირთათვის და რა პრობლემები აქვთ მათ

© photo: Sputnik / Levan Avlabreliშშმ პირები
შშმ პირები - Sputnik საქართველო
გამოწერა
შშმ პირები საზოგადოების სრულფასოვანი წევრებია, მათზე არ უნდა ისაუბრონ როგორც ქველმოქმედების ობიექტებზე, ისინი ისეთებად უნდა მიიღონ, როგორებიც არიან.

საქართველოში შშმ პირთათვის მოქმედებს შეღავათები, ისინი იღებენ სოციალურ დახმარებას, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილ დოკუმენტებს და ასე შემდეგ, მაგრამ  გადაუჭრელი პრობლემებიც არსებობს.

შშმ პირების უფლებებისათვის ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტს არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ თავმჯდომარე გიორგი ძნელაძე ესაუბრა.

შშმ პირთა უფლებებისათვის ბრძოლის საერთაშორისო დღეს მსოფლიო საზოგადოებრიობა ყოველწლიურად 5 მაისს აღნიშნავს. თავის ისტორიას ეს თარიღი 1992 წლიდან იწყებს, როდესაც შშმ პირებმა ერთდროულად ევროპის 17 ქვეყანაში თანასწორი უფლებების დაცვისათვის ბრძოლის დღე გამართეს და ფიზიკური, ფსიქიკური ან სენსორული შეზღუდვების მქონე ადამიანების დისკრიმინაციის წინააღმდეგ გამოვიდნენ. 

შშმ პირთა დამოუკიდებლად ცხოვრების დღისადმი მიძღვნილი აქცია - Sputnik საქართველო
თბილისში შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების დღე პირველად აღნიშნეს

რას აკეთებს ხელისუფლება 

საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 26 დეკემბერს მოახდინა გაეროს "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის“ რატიფიცირება. კონვენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად შეიმუშავა და დაამტკიცა „შშმ პირთა თანაბარი  შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამთავრობო  სამოქმედო გეგმა“.

2016 წლიდან შშმ პირები საქართველოში ბრაილის შრიფტით დაბეჭდილ საბუთებს იღებენ. შსს-ს ინიციატივით, მათთვის ადაპტირებულ ავტომობილზე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება შეუძლიათ.

საქართველოში 123,6 ათასზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია რეგისტრირებული. ისინი სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას იღებენ. შშმ პირები, რომლებიც პირველ ჯგუფში შედიან და ასევე ბავშვები, თვეში 160 ლარის ოდენობის სოციალურ დახმარებას იღებენ, მეორე ჯგუფში — 100 ლარს, ხოლო მესამეში — 70 ლარს.

სახელმწიფო შშმ პირებს უფასოდ უზრუნველყოფს სპეციალური ეტლებით, პროთეზებით და სხვა ორთოპედიული საშუალებებით, სმენის აპარატებით, კოხლეარული იმპლანტანტებით, ყავარჯნებით, უსინათლოთა ხელჯოხებით და ა.შ.

შშმ პირებისთვის, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობები ბავშვობიდან აღენიშნებათ და ასევე პირველი და მეორე ჯგუფის შშმ პირებისთვის, საქართველოში შეღავათები მოქმედებს — წელიწადში 6000 ლარამდე მიღებული შემოსავალი არ იბეგრება.

შშმ ბავშვები უზრუნველყოფილი არიან რეაბილიტაცია/აბილიტაციით. მძიმე და ღრმა გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვები შინმოვლის საშუალებით არიან უზრუნველყოფილი. 

შშმ პირთა პრობლემები   

კარლო ხუციშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი ახალგაზრდა შშმ პირებისთვის შექმნილი მობილური დანართისთვის დაჯილდოვდა

ძნელაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შშმ პირები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები უნდა იყონ.

„შშმ პირები — ქველმოქმედების ობიექტები არ არიან. სამწუხაროდ, ეს სტერეოტიპი ჩვენთან ჯერ კიდევ არსებობს, და ეს, როგორც მინიმუმ, შეურაცხმყოფელია. თუ საქართველოში მათ უფლებებზე ვისაუბრებთ, ამ კუთხით მძიმე მდგომარეობა გვაქვს, დაწყებული განათლებით, დამთავრებული დასაქმებით. თუმცა, ბოლო დროს გარკვეული პოზიტიური ძვრებიც შეინიშნება“, — განაცხადა ძნელაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებისათვის საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, ეს ადამიანები ჯერ კიდევ აწყდებიან სხვადასხვა წინააღმდეგობებს, საზოგადოების მხრიდან არასათანადო დამოკიდებულებას და ა.შ., აღნიშნა ძნელაძემ, რომელიც თავად შშმ პირია.

მისი თქმით, შშმ პირებს სოციუმში სრულფასოვანი ჩართვა და დამოუკიდებელი ცხოვრება სჭირდებათ, რაც დღევანდელ დღეს საქართველოში პრობლემას წარმოადგენს.

„ყველა ადამიანს დაბადებიდან დამოუკიდებელი ცხოვრების უფლება აქვს. აქედან გამომდინარე, ყველა შშმ პირს დამოუკიდებელი ცხოვრების უფლება უნდა მივცეთ, რათა მათ თავად გადაწყვიტონ სად, როგორ და ვისთან იცხოვრონ, სად ისწავლონ და იმუშაონ — უნდა მივცეთ მათ არჩევნის უფლება, ამაშია მთავარი პრობლემა და ეს უნდა გაკეთდეს პირველ რიგში“, — აღნიშნა ძნელაძემ. 

შშმ პირებისთვის მიკროავტობუსები - Sputnik საქართველო
თბილისის მერიამ შშმ მოსწავლეებისათვის ახალი მიკროავტობუსები შეიძინა

შშმ პირები აწყდებიან ბარიერებს მათ ირგვლივ არსებულ გარემოში, საზოგადოებაში, და ასევე კანონმდებლობის კუთხით.

„თუ ეს სამი ასპექტი გაქრება ან დარეგულირდება, „შეზღუდული შესაძლებლობების“ ცნება აღარ იარსებებს“, — ხაზგასმით აღნიშნა ძნელაძემ.

მისი თქმით, შშმ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ამ ადამიანების შეფასების სისტემაში ცვლილებები უნდა შევიდეს, რათა მათ სტატუსი სწორად მიენიჭოს, ასევე საჭიროა სტატისტიკის წარმოება. გარდა ამისა, სოციალური პაკეტი უნდა შემუშავდეს ინდივიდუალურად, ამა თუ იმ ადამიანის საჭიროებიდან გამომდინარე.

„ჯანდაცვის სამინისტროში ამ საკითხზე მუშაობა მიდის, მაგრამ ის მიდის, მიდის, მიდის, მიდის და მიდის“, — განაცხადა ძნელაძემ.

მას ასევე აუცილებლად მიაჩნია იმ სამედიცინო დაწესებულებების წინააღმდეგ სანქციების შემოღება, სადაც შშმ პირთათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. მაგალითად, სახელმწიფო ამ ადამიანებისათვის გინეკოლოგის ან სტომატოლოგის მომსახურებას აფინანსებს, მაგრამ ისინი ვერ სარგებლობენ ამ სერვისებით, რადგან ბევრ სამედიცინო დაწესებულებაში გარემო ადაპტირებული არ არის.

ამასთან, შშმ პირთა ცხოვრების შემსუბუქების მიზნით, საქართველოს ხელისუფლება პერიოდულად ახალ პროგრამებს ნერგავს. მათ შორის არის საქართველოს სკოლებში ინკლუზიური განათლების სისტემა, ადაპტირებული სახელმწიფო ვებგვერდები და სპეციალური სერვისები.


ყველა ახალი ამბავი
0