თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების დღე პირველად აღნიშნეს.
ამგვარად საქართველო შეუერთდა ღონისძიებას "ევროპის დამოუკიდებელი ცხოვრების ქსელი" (European Network on Independent Living — ENIL), რომელიც ამ დღეს 2014 წლიდან აღნიშნავს.
ღონისძიების ორგანიზატორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" უნივერსიტეტის ეზოში ფიცრები დაალაგა და ამით ერთგვარი ბარიერები შექმნა იმის დემონსტრირების მიზნით, თუ რა ბარიერებს აწყდებიან ყოველდღე შშმ პირები მათთვის მოუხერხებელ გარემოში.
"ამიერიდან ამ დღეს, 5 მაისს ყოველწლიურად აღვნიშნავთ. საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით დადებითი ძვრები არსებობს, მაგრამ კიდევ ბევრი რამ უნდა გაკეთდეს", — განუცხადა "Sputnik-საქართველოს" ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თამარ მაღლაკელიძემ.
დაახლოებით 20 წლის წინ საქართველოში საერთოდ შეუძლებელი იყო ადამიანების ნახვა, რომლებიც ინვალიდის ეტლის მეშვეობით გადაადგილდებოდნენ, ვინაიდან ისინი ცდილობდნენ სახლიდან არ გამოსულიყვნენ, ერიდებოდათ, რადგან ყველა გაკვირვებით უყურებდა. ახლა კი ვითარება გაუმჯობესდა, აღნიშნა მან.
ღონისძიების ერთ-ერთმა მონაწილემ, 36 წლის თინათინ რევაზაშვილმა "Sputnik-საქართველოს" უამბო, რომ 2009 წელს ავარიაში მოხვდა და ამჟამად გადაადგილება მხოლოდ ინვალიდის ეტლით შეუძლია. ქალი მიიჩნევს, რომ საქართველოს სხვა შშმ პირებთან შედარებით მას ძალიან გაუმართლა – ის ამერიკულ კომპანიაში მუშაობს, სადაც მისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი და სპეციალური ტრანსპორტითაც არის უზრუნველყოფილი.
"თუ შევადარებთ იმას, საიდან დავიწყეთ და სადამდე მივედით, პროგრესი აშკარაა. უნდა გამოვყო ადაპტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, მაგრამ ქალაქის ხელისუფლებას გაჩერებების კეთილმოწყობა დაავიწყდა. თუ მერიის თანამშრომლები თავს ჩვენ ადგილზე წარმოიდგენენ და დაინახავენ, რა ბარიერებს ვაწყდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისინი უკეთ იმუშავებენ", — განაცხადა რევაზაშვილმა.
დამოუკიდებელი ცხოვრების დღის მთავარი მიზანია იმ მითებისა და სტერეოტიპების დანგრევა, რომლებიც შშმ პირებს ხელს უშლის, იცხოვრონ აბსოლუტურად თავისუფლად.
არასამთავრობო ორგანიზაცია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის", რომელიც ღონისძიების ორგანიზატორია, 26 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, რომლებიც შშმ პირთა უფლებების დაცვის სფეროში მუშაობენ.