თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ჩაერთოს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებში, რომელიც მან უკვე გააკრიტიკა.
განახლებული კონსტიტუციის პროექტი საქართველოს ნახევრადსაპრეზიდენტო მმართველობის ფორმიდან საპარლამენტოზე გადასვლას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, მცირდება პრეზიდენტის უფლებამოსილებები, მთავრობის კი — იზრდება. გარდა ამისა, გათვალისწინებულია პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევის გაუქმება და საპარლამენტო არჩევნების ახალი — მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული სისტემის შემოღება.
„საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებში ერთვება. გიორგი მარგველაშვილი 8 მაისს მონაწილეობას მიიღებს ბათუმში გამართულ განხილვაში, რომელიც ბათუმის უნივერსიტეტში 12:00 საათზე გაიმართება“, — ნათქვამია პრეზიდენტის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ამასთან, მარგველაშვილი 9 მაისს ზუგდიდში გამართულ შეხვედრას დაესწრება, მოგვიანებით კი სხვა რეგიონებში.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა აპრილის ბოლოს დაასრულა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ 109 დეპუტატმა ის პარლამენტს წარუდგინა. პარლამენტმა საყოველთაო სახალხო განხილვა დაიწყო — პირველი შეხვედრა ქუთაისში გაიმართა.
შეხვედრა ქუთაისში ემოციურად წარიმართა. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხმაურიანი დისკუსია გამართეს და შეთავაზებულ ცვლილებებზე თავისი არგუმენტები წარმოადგინეს. დისკუსიის მიმდინარეობას დარბაზში შეკრებილი ადგილობრივი მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ, რომლებიც „ქართული ოცნების“ წევრებს კითხვებს უსვამდნენ.
მარგველაშვილმა და მისმა ადმინისტრაციამ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი მას შემდეგ განაცხადეს, რაც პრეზიდენტს თანათავმჯდომარის თანამდებობაზე უარი ეთქვა. საკონსტიტუციო კომისიას კობახიძე ხელმძღვანელობდა.
გარდა ამისა, პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების ინიციატივით უკმაყოფილო გიორგი მარგველაშვილმა წამოიწყო კამპანია „კონსტიტუცია ყველასათვის“, რომლის ფარგლებში რეგიონებში მოსახლეობასთან არაერთი შეხვედრა ჩაატარა. ამის გამო ის წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში დაადანაშაულეს.
განახლებული კონსტიტუციის წარმოდგენილ პროექტს ეწინააღმდეგებიან ოპოზიციური პარტიები, სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების ნაწილი.
კობახიძემ მანამდე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა აღნიშნულ პროექტში ცვლილებები ვენეციის კომისიის შენიშვნებისა და განახლებული კონსტიტუციის საყოველთაო განხილვების შედეგების საფუძველზე შეიტანოს.
„ქართული ოცნების“ განცხადებით, კონსტიტუციის განახლებული პროექტი, საქართველოს პარლამენტმა 2017 წელს უნდა მიიღოს, თუმცა, ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა ძალაში.