თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ხელი მოაწერეს საფინანსო შეთანხმებას „ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმი"(Technical Cooperation Facility — TCF), რომლის საფუძველზე საქართველო 32 მილიონ ევროს მიიღებს, ნათქვამია მთავრობის განხცადებაში.
საქართველოს დახმარების პაკეტი, რომლის ნაწილია „ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმი", ევროკომისიამ 2015 წლის ნოემბერში მიიღო. ის გულისხმობს საქართველოსათვის 100 მილიონი ევროს გამოყოფას. ამ თანხის ნახევარი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე არის გამიზნული, დანარჩენი ნაწილი ევროკავშირთან დაახლოების მიზნით გატარებულ რეფორმებზე დაიხარჯება. დახმარების პირველი ნაწილი 14 მილიონი ევროს ოდენობით საქართველომ 2016 წელს მიიღო.
„დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ფინანსურ დოკუმენტს, რომლის თანახმად საქართველო ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდასაჭერად 32 მილიონ ევროს მიიღებს", — განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისართან შეხვედრისა და ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ.
ჰანმა ხაზი გაუსვა საქართველოში რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას.
„აუცილებელია რეფორმების განუწყვეტელი იმპლემენტაცია, ეს უმნიშვნელოვანესია საქართველოს მიერ უვიზო მიმოსვლით გათვალისწინებული ეფექტის სრულად ასათვისებლად. ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისათვის საქართველომ ძალ-ღონე არ დაიშურა. ის ახორციელებს შესანიშნავ რეფორმებს, რომლების დემოკრატიის კონსოლიდაციის, კანონის უზენაესობის გაძლიერებასა და კარგი მმართველობის სტანდარტების დანერგვას ემსახურება", — განაცხადა ევროკომისარმა.
შეთანხმების ხელმოწერამდე ჰანმა პრემიერ-მინისტრს შეხვდა და განიხილა საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტები და საქართველოს მოლოდინები "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის, რომელიც ნოემბერში არის დაგეგმილი.
2014 წელს ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. მიმდინარე წლის 28 მაისიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტების განსახორციელებლად ვიზები გააუქმა.
ევროკავშირის პროექტი „აღმოსავლეთ პარტნიორობა" მიმართულია ექვსი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ. აქედან სამმა სახელმწიფომ (უკრაინა, საქართველო და მოლდოვა) 2014 წელს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. არაფორმალური დიალოგები საგარეო საქმეთა მინისტრებისა და დარგობრივი სამინისტროების ხელმძღვანელი პირების დონეზე 2012 წლიდან ტარდება.