თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, შენგენის ქვეყნებში არ სეუშვეს საქართველოს 26 მოქალაქე, განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში.
საქართველოს მოქალაქეებს 28 მარტიდან უფლება აქვთ შევიდნენ შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით. საუბარია ტურისტულ, საქმიან და სტუმრად ვიზიტებზე.
ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობისა და სწავლისათვის, შესაბამისი ვიზაა საჭირო.
„ერთი თვის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან 11,7 ათასი კაცი გავიდა. მხოლოდ 26 შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეები არ შეუშვეს ამა თუ იმ ქვეყანაში და გამოაბრუნეს საზღვრიდან“, — თქვა ხულორდავამ.
ევროპელი მესაზღვრეები უარს ეუბნებოდნენ შესვლაზე მოქალაქეებს, რომელთაც არ ჰქონდათ შესაბამისი საბუთები.
შენგენის ზონის ქვეყნებში ჩასასვლელად აუცილებელია დოკუმენტაცია, რომელიც ადასტირებს მოგზაურობის მიზანს, დაზღვევა, ქვეყანაში ყოფნისათვის აუცილებელი თანხა, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, ასევე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი, რომლის ვადა ქვეყანაში ჩასვლის დროს 6 თვით აჭარბებს.
„მაგალითად იყო შემთხვევები, როცა მოქალაქეს არ ჰქონდა ბიომეტრიული პასპორტი, ან უკან დასაბრუნებელი ბილეთი და არ იცოდნენ რა ეპასუხათ მესაზღვრის ელემენტარულ კითხვაზე ქვეყანაში ჩასვლის მიზანთან დაკავშირებით“, — თქვა დეპუტატმა. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი შემთხვევები მასიურ ხასიათს მიიღებს, ამას შეუძლია საფრთხის ქვეშ დააყენოს უვიზო რეჟიმი, აღნიშნა ხულორდავამ. —