თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ყაზახური კომპანია „ევრაზია ინვესტი" ონის რაიონის მაღალმთიან კურორტ შოვში თანამედროვე გამაჯანსაღებელი ცენტრის აშენებას გეგმავს, განაცხადა კომპანია „ევრაზია ინვესტის" გენერალურმა დირექტორმა ტიმირზან მეირამბეკოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე.
ზღვის დონიდან 1600 მეტრ სიმაღლეზე მდებარე შოვი, საქართველოს ყველაზე მაღალმთიან ბალნეოლოგიურ კურორტად ითვლება. აქ არსებულ მინერალურ წყაროებში რამდენიმე სახეობის სამკურნალო წყალია.
„პრემიერ-მინისტრმა ყაზახ ინვესტორს საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა აღუთქვა“, — ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ამჟამად, ყაზახური კომპანიის საკუთრებაშია კურორტ შოვის ტერიტორიაზე მდებარე კომპლექსი „პანსიონატი მამისონი", რომლის რეკონსტრუქცია თანამედროვე გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობის პროექტის ნაწილია.
ინვესტორის თქმით, შოვამდე მისასვლელი გზის მშენებლობის დასრულებისა და ამბროლაურის აეროპორტის ამოქმედების შემდეგ, რაჭაში ტურისტების ნაკადი მკვეთრად გაიზარდა, ხოლო შოვის საკურორტო ზონაში გამაჯანსაღებელი ცენტრის შექმნა ამ პროცესს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
ამბროლაურის აეროპორტი ოფიციალურად 2017 წლის იანვარში გაიხსნა. წლის ნებისმიერ დროს რეგულარული რეისების წყალობით, შესაძლებელი იქნება ერთ საათზე ნაკლებ დროში ამბროლაურში და პირიქით, დედაქალაქში მგზავრობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მცხოვრებლებისა და ტურისტებისათვის. ამ მაღალმთიან მხარეში მანქანით მგზავრობას 4-5 საათი სჭირდება.
შოვის მინერალური წყლებით სასუნთქი გზების, ნერვული სისტემისა და მომნელებელი სისტემის დაავადებებს კურნავენ. კურორტზე ფუნქციონირებს სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები და სპა–სალონები.
კურორტი შოვი ექიმ შამშე ლეჟავას წყალობით გაიხსნა, რომელიც სოფელ წკადისში დაიბადა, სამედიცინო განათლება კი ვენაში 1905–1910 წლებში მიიღო. სწავლის დასრულების შემდეგ ექიმმა დაათვალიერა ცნობილი ევროპული კურორტები — დავოსი, ბადენი, აპანდები, შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდა, რათა სამშობლოში შეექმნა კურორტი, რომელიც ევროპულს არაფრით ჩამოუვარდებოდა.