თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. წყალტუბოს ბალნეოლოგიური კურორტის რეაბილიტაცია, რომელიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, სრულდება, განაცხადეს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის პრეს-სამსახურში.
რეაბილიტაციის შედეგად განახლდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. ამ ეტაპზე ცხრიდან შვიდი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულებულია.
კერძოდ, წყალტუბოს ცენტრალური პარკისა და „ცივი ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება მცირე ზომის ტურისტული შენობა-ნაგებობები, მიმდინარეობს გზების, ბილიკების, ცენტრალური პარკის წყალგაყვანილობისა და სადრენაჟო სისტემების აღდგენა და გარეგანათების მონტაჟი.
გარდა ამისა, შიდა სარემონტო სამუშაოები ტარდება საკრებულოს, თეატრისა და წყალტუბოს რკინიგზის სადგურის შენობებში. ხორციელდება მცირე საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია და ტერიტორიის კეთილმოწყობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 40 მლნ ლარზე მეტია (17,4 მლნ აშშ დოლარი). პროექტს ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი.