თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტებისა და ჩეხეთის მღვიმეების სამსახურის მიერ განხორციელდა მღვიმის კვლევა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ საწურბლიას მღვიმე გამოირჩევა უნიკალური მიკროკლიმატით, რომელსაც ასთმური დაავადებების სამკურნალო ეფექტი აქვს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სპეციალისტების თქმით, მღვიმეში აღმოჩენილი რადიოაქტიური ნახშირბადების რაოდენობა ადამიანების ჯანმრთელობისათვის სახიფათო არ არის, პირიქით, სამკურნალოდ საუკეთესოა. განსაკუთრებულ მიკროკლიმატს სხვადასხვა სახეობის სოკო და მაღალი სინესტე ქმნის, რაც ერთობლიობაში ძლიერ ანტიბიოტიკს წარმოადგენს.
ამჟამად სპელეოთერაპიისთვის სივრცის პროექტირება დასრულდა. სპელეოთერაპია წარმოადგენს მკურნალობის არამედიკამენტოზურ საშუალებას, კლიმატოთერაპიის ნაირსახეობას. მეთოდი გულისხმობს მღვიმეების, გამოქვაბულებისა და მაღაროებისათვის დამახასიათებელი მიკროკლიმატის პირობებში ხანგრძლივ ყოფნას.
უახლოეს პერიოდში საწურბლიაში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. მღვიმის კეთილმოწყობაზე და ამ ადგილის სამკურნალო სივრცედ გადაქცევაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 600 000 ლარი არის გამოყოფილი.
ერთი სამკურნალო კურსი 10 დღე გაგრძელდება, დღეში სამ-სამი საათი. სამ თვეში შესაძლებელია კურსის განმეორება.
გარდა ამისა, მღვიმეში ბავშვებისთვის სათამაშო მოედანი და საძინებელი ზონა მოეწყობა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოში მიიჩნევენ, რომ საწურბლიას მღვიმეში სპელეოთერაპიის სივრცის გახსნის შემდეგ ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის განვითარება დაიწყება და ტურისტების რაოდენობა, რომელთაც საქართველოს მონახულება სურთ, კიდევ უფრო გაიზრდება.
საწურბლიას მღვიმე 1976 წელს აღმოაჩინეს, ის სოფელ ყუმისთავში, პრომეთეს მღვიმიდან 2 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.