თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ცნობილი ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ბრიტანული ტელეარხი BBC-ს ტელესერიალში McMafia დაკავდა, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.
„სულ მალე ქართველ მსახიობ მერაბ ნინიძეს BBC-ს ტელესერიალში ვიხილავთ, სადაც იგი მთავარ როლს შეასრულებს. წარმატებებს ვუსურვებთ მერაბ ნინიძეს", — ნათქვამია კინოცენტრის Facebook-გვერდზე.
კრიმინალური დრამა მიშა გლენის ბესტსელერის McMafia: Crime without Frontiers ტელეადაპტაციაა, რომელიც გლობალური დანაშაულის გამოძიებასა და მის ყოვლისმომცველ ზეგავლენას ეხება.
მთავარი გმირი ალექს გუდმანი (ჯეიმს ნორტონი) რუსი ემიგრანტების შვილია, რომელიც ცდილობს თავი დააღწიოს თავისი ოჯახის მაფიოზურ ჩრდილს, პირადი ბიზნესი წამოიწყოს და ცხოვრება მეგობარ რებეკასთან ერთად დაიწყოს. მაგრამ ოჯახის წარსული თავს ახსენებს და ალექსი იძულებულია დანაშაულებრივ სამყაროში ჩაერთოს, რათა დაიცვას მისთვის საყვარელი ადამიანები. ახალგაზრდას მთელი მსოფლიოს შემოვლა მოუწევს — ლონდონიდან მოსკოვამდე, დუბაი, მუმბაი, აფრიკა, ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკა… ჩაერთვება საქმეების გარჩევაში, სადაც მექსიკელი ნარკოდილერები კონკურენციას უწევენ პაკისტანელ ნარკოდილერებს, ბალკანელ კონტრაბანდისტებსა და რუსულ მაფიას.
სცენარი ჰუსეინ ამინმა დაწერა, პროექტის რეჟისორი კი ჯეიმს უოტკინსია. სერიალში მთავარ როლს ასრულებენ ჯეიმს ნორტონი, დევიდ სტრეტეირნი, ჯულიეტ რაილენსი, ალექსეი სერებრიაკოვი, მარია შუკშინა და ფეი მარსეი.
სერიალი BBC-ს, AMC-სა და Cuba Pictures-ის ერთობლივი ნამუშევარია. პირველ სეზონში რვა ეპიზოდი იქნება და იგი ეკრანზე 2018 წლის იანვარ-თებერვალში გამოვა.
მერაბ ნინიძე 1965 წლის 3 ნოემბერს თბილისში დაიბადა. დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (გიზო ჟორდანიას სახელოსნო). თეატრალურ სცენაზე მისი დებიუტი ჯერ კიდევ 1980 წელს შედგა — 15 წლის ასაკში მან რობერტ სტურუას სპექტაკლში „რიჩარდ III" პრინცი ედვარდი ითამაშა.
1992 წელს ნინიძე დიდ ბრიტანეთში გადავიდა, საიდანაც 1995 წელს ვენაში (ავსტრია) გაემგზავრა, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს და მუშაობს. კინოში მისი დებიუტი 1984 წელს შედგა თენგიზ აბულაძის „მონანიებაში", სადაც მან აბელ არავიძის შვილიშვილის როლი შეასრულა.
2012 წელს ნინიძე სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში „ოქროს ანგელოზით" დაჯილდოვდა („შემოსევა", გერმანია-ავსტრიის ფილმი, რეჟისორი დიტო ცინცაძე).