თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ამერიკული საკაბელო სატელევიზიო ქსელის HBO (Home Box Office) კომედიური სერიალის "ვიცე-პრეზიდენტის"(Veep) მორიგი სერია კინოს ავტორებმა საქართველოს მიუძღვნეს.
ეთერში 30 აპრილს გამოსულ სერიაში მიმდინარე მოვლენები საქართველოში თითქოსდა პირველი დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნების ირგვლივ ვითარდება, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებით და ქვეყნის პრეზიდენტის დაკავებით სრულდება.
სერიის სიუჟეტის მიხედვით, აშშ-ის ხელისუფლება ერთ-ერთ პოლიტიკურ კანდიდატს ნიკოლოზ გენიძეს უჭერს მხარს, რომელიც საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მურმან შალიკაშვილის მოწამვლას აპირებს.
საქართველოში ვიზიტის შემდეგ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სელინა მაიერი, რომლის როლს ჯულია ლუი-დრეიფუსი ასრულებს, თვითმფრინავში მჯდომი, ტელევიზორით ხედავს, რომ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოხდა და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
სერიაში ნაჩვენებია საქართველოს საარჩევნო უბნებზე გადაღებული კადრები, ასევე ქართული ტელეკომპანია Rustavi2-ის ჟურნალისტები და საინფორმაციო გამოშვებების "კურიერის" და საზოგადოებრივი მაჩვენებლის პირველი არხის "მოამბის" კადრები.
საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების თემა უცხოურ სერიალში ადრეც იყო ნახსენები. მაგალითად, 2017 წლის იანვარში პოპულარული ბრიტანული სერიალი "შერლოკის" ერთ-ერთი სერია გამოვიდა, სადაც ნაჩვენებია, რომ თბილისში ექვსი წლის განმავლობაში მიმდინარეობს სახელმწიფო გადატრიალება, რომლის შედეგად დიდი ბრიტანეთის ელჩს მძევლად აიყვანენ.
სერიალ "ვიცე-პრეზიდენტის" პრემიერა 2012 წლის 22 აპრილს საკაბელო ტელეარხ HBO-ზე გაიმართა. საპილოტე ეპიზოდმა კრიტიკოსებისგან უპირატესად დადებითი გამოხმაურებები მიიღო, და 2012 წლის 30 აპრილს ტელეარხმა სერიალის ჩვენება დაიწყო.
"ემის" 64-ე დაჯილდოების ცერემონიაზე სერიალი სამ კატეგორიაში იყო წარდგენილი: "საუკეთესო კომედიური სერიალი", "კომედიური ტელესერიალის საუკეთესო მსახიობი ქალი" (ჯულია ლუი-დრეიფუსი) და "კომედიური სერიალის საუკეთესო კასტინგი". ჯულია ლუი-დრეიფუსმა მოიგო "ემი" თავისი როლისათვის ამ სერიალში.
იმ დროიდან სერიალის ექვსი სეზონი გადაიღეს. ბოლო სეზონის პრემიერა 2017 წლის 16 აპრილს გაიმართა.
HBO (Home Box Office) — ამერიკული საკაბელო სატელევიზიო არხების ქსელია, რომელიც 1972 წლიდან მაუწყებლობს და მას 40 მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. HBO-ს ეთერში გადის ორიგინალური სატელევიზიო პროგრამები, ფილმები და საკუთარი წარმოების სერიალები. მათ შორის არის "სოპრანოს კლანი", "ექვსი ფუტი მიწის ქვეშ", და "სექსი დიდ ქალაქში". სხვა პოპულარულ სერიალებს შორის იყო "ოზი", "მავთულხლართი", "ანტურაჟი" და "დედვუდი". HBO-ს მართავს გაერთიანება Home Box Office Group, რომელიც კორპორაცია Time Warner-ის ნაწილია.