თბილისი, 4 მაისი — Sputnik. თბილისის 162-ე საჯარო სკოლის პედაგოგებმა სასწავლო პროცესი ჩაშალეს და ამით მემორანდუმი გააპროტესტეს, რომელიც სკოლის დირექტორმა სოფია ფანცულაიამ თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან გააფორმა.
პედაგოგების თქმით, მემორანდუმი, რომელიც ორი სკოლის გაერთიანებას გულისხმობს, დირექტორის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით და პედაგოგებისა და მოსწავლეთა მშობლების აზრის გათვალისწინების გარეშე გაფორმდა.
გარდა ამისა, პედაგოგები არ ეთანხმებიან იმას, რომ ახალი სასწავლო წლიდან 162-ე სკოლაში ხუთი პირველი კლასი იქნება, რომლებიც პირველ ექსპერიმენტულ სკოლას მიეკუთვნება. თავისი პროტესტი მათ იმით ახსნეს, რომ დროთა განმავლობაში მათი სკოლა საერთოდ გაუქმდება და პირველ ექსპერიმენტულს შეუერთებენ.
პედაგოგები და მშობლები სკოლის დირექტორისგან თანამდებობიდან წასვლის განცხადების დაწერას ითხოვენ.
"საჯარო სკოლის მთავარი ამოცანა არის ის, რომ უნდა მოემსახუროს ბავშვებს იქ, სადაც ისინი ცხოვრობენ… ასე ძალიან მარტივად შეიძლება ნებისმიერი სკოლის ჯერ შევიწროვება და შემდეგ გაქრობა, ასეთი ამბები არის დაუშვებელი," — ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში განაცხადა მშობელმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა.
ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გააკეთა. მან განაცხადა, რომ მემორანდუმის გაფორმებამდე 162-ე სკოლის პედაგოგებთან შვიდამდე შეხვედრა ჩატარდა, სადაც დაგეგმილი ცვლილებები მათ დეტალურად გააცნეს.
"ჩვენ ვაპირებთ, რომ სკოლების თანამშრომლობა იყოს გაცილებით უფრო მჭიდრო. ჩვენ გვგონია, რომ სკოლების ერთმანეთთან თანამშრომლობის პრაქტიკა გრძელვადიან პერიოდში ხარისხობრივ გაუმჯობესებას მოიტანს," — განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ და ამ პროექტის ფარგლებში გამორიცხა რომელიმე ოპტიმიზაცია და ნეგატიური შედეგები.
მინისტრმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მემორანდუმის გაფორმების საჭიროებასთან დაკავშირებით სკოლები ერთიან აზრს ვერ მიაღწევენ, დოკუმენტი გაბათილდება.
ოთხშაბათს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლებში სწავლის ხარისხის ამაღლებისა და სასწავლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, ახალი პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა.
პროექტი გულისხმობს სკოლებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებებსა და პროექტებში. სკოლები ერთობლივად ისარგებლებენ ინფრასტრუქტურული რესურსით, ერთმანეთს მხარს დაუჭერენ საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვასა და პედაგოგების გაცვლით პროგრამებში ჩართვაში.
თანამშრომლობის პირველი მემორანდუმი თბილისის პირველ ექსპერიმენტულსა და 162-ე საჯარო სკოლებს შორის გაფორმდა.