თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს წარმატებული სკოლები თავის გამოცდილებას სხვა სასწავლო დაწესებულებებს გაუზიარებენ, განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სკოლების დირექტორებთან გამართულ შეხვედრაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლებში სწავლის ხარისხის ამაღლებისა და სასწავლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, ახალ პროექტს იწყებს.
პროექტი გულისხმობს სკოლებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებებსა და პროექტებში. სკოლები ერთობლივად ისარგებლებენ ინფრასტრუქტურული რესურსით, ერთმანეთს მხარს დაუჭერენ საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვასა და პედაგოგების გაცვლით პროგრამებში ჩართვაში.
„ახალი ინიციატივის ფარგლებში სკოლებს შორის გაფართოებული ფორმატის კომპლექსური თანამშრომლობა დაიწყება, რომელიც ხელს შეუწყობს თითოეული სკოლის განვითარებას, გაძლიერებას და იმ საუკეთესო შედეგების მიღწევას, რომლებზეც ორიენტირებულია ჩვენი განათლების სისტემა“, — განაცხადა გიგაურმა.
თანამშრომლობის პირველი მემორანდუმი თბილისის პირველ ექსპერიმენტულსა და 162-ე საჯარო სკოლებს შორის უკვე გაფორმდა.