ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაჯარიმებული მოქალაქეები ამნისტიის მოლოდინში

© Sputnik / Alexander Imedashviliმიშენებები საცხოვრებელ სახლზე თბილისში
მიშენებები საცხოვრებელ სახლზე თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა ბედი ელით თბილისელებს, რომლებმაც კორპუსებზე დაშენებები უნებართვოდ განახორციელეს და დღეს ამის გამო სერიოზული ჯარიმების გადახდა უწევთ? „Sputnik–საქართველო“ შეეცადა სიტუაციის გარკვევას კონკრეტულ მაგალითზე.

ირინე ბაგაური თბილისში ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში ცხოვრობს. ფართის სივიწროვის გამო 2014 წელს ბანკში აღებული კრედიტით მათ კუთვნილი სხვენის სახურავზე სამერცხლურის მშენებლობა დაიწყეს. მშენებლობა ორი წელი მიმდინარეობდა. მშენებლობის დასრულების შემდეგ, 2016 წელს ქალბატონი ირინე ზედამხედველობის სამსახურმა „სახურავის ქანობის დაუცველობის" მიზეზით 8000 ლარით დააჯარიმა.

როგორც ქალბატონმა ირინემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ეს მხოლოდ მისი პრობლემა არ არის, მსგავსი პრობლემის წინაშე ასობით ოჯახს დგას. მისივე განცხადებით, ოჯახს არ აქვს საშუალება აღნიშნული თანხა გადაიხადოს ჯარიმის სახით, ამიტომ მოუწევს ერთადერთი საცხოვრებელი ბინის გაყიდვა და ღია ცის ქვეშ დარჩენა. ქალბატონი ირინე ამინისტიას ითხოვს, რომლის პროექტიც, მისი თქმით, შემუშავებულია და შარშან უნდა დამტკიცებულიყო, თუმცა ოქტომბრიდან დღემდე არაფერი შეცვლილა.

— მე ჩემ ოჯახთან ერთად ვცხოვრობ ე.წ. ხრუშოვკის ტიპის ერთოთახიან ბინაში და განვიცდი უკიდურეს სივიწროვეს. მე და ჩემმა მეუღლემ 2014 წელს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ნებართვით განვახორციელეთ ჩვენი კუთვნილი სხვენის სახურავზე სამერცხლურის მშენებლობა.

მრავალსართულიანი კორპუსი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: ქართველი პირველივე შესაძლებლობისთანავე სახლის აშენებას ან დაშენებას იწყებს

– ანუ მშენებლობის ნებართვა გქონდათ?

— განსახორციელებელი სამუშაოები განეკუთვნებოდა პირველ კლასის ობიექტს და არ ესაჭიროებოდა მშენებლობის ნებართვა და საპროექტო დოკუმენტაცია. უნდა გვეხელმძღვანელა ფოტომონტაჟით, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია განისაზღვროს ყველა დეტალი. არც არის ამის აუცილებლობა, რადგან ობიექტს, რომელიც მიეკუთვნება პირველ კლასს, არ სჭირდებოდა პროექტირება. ჩვენ მიერ დაცული იქნა ყველა ის აუცილებელი ნორმა, რომელიც საჭირო იყო ნაგებობის უსაფრთხოებისა და გარეგნული იერსახის შენარჩუნებისთვის.

2016 წელს დაგვაჯარიმეს 8000 ლარით და ნაგებობის აუცილებელი დემონტაჟი დაგვაკისრეს სახურავის ქანობის დაუცველობის გამო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მშენებლობა არ საჭიროებდა პროექტირებას. საჭირო იყო მხოლოდ ფოტომონტაჟი, რომელზეც არ არის მითითებული ფანჯრებს შორის შეჭრის სიღრმე და არც განმარტებითი ბარათი. შესაბამისად, ფოტომონტაჟიდან, რომლის საფუძველზეც მოხდა მშენებლობა, შეუძლებელია გაარკვიო ქანობის დაცვის აუცილებლობა, რაც გახდა ჩვენი დაჯარიმების საფუძველი. დღეს უკვე ე.წ. სამერცხლურების მშენებლობა მოითხოვს საპროექტო დოკუმენტაციას და სამშენებლო ნებართვას, თუმცა 2014-ში ეს მოთხოვნა არ იყო. ამასთან ვთვლი, რომ შეუსაბამოა 8000 ლარით დაჯარიმება და დემონტაჟი მაშინ, როდესაც მრავალსართულიანი სახლის მშენებლობისას დაშვებული არქიტექტორული უზუსტობის გამო აჯარიმებენ მხოლოდ 4000 ლარით და არავითარი დემონტაჟით. მაგალითად, ალექსიძის ქუჩაზე 12-სართულიანი სახლის ნაცვლად აშენებულ იქნა 22 სართული. ე.ი. 10 სართულით მეტი და მშენებელი დაჯარიმდა მხოლოდ 4000 ლარით და არავითარი დემონტაჟით.

მიშენებები დედაქალაქის კორპუსებზე - Sputnik საქართველო
თბილისური მიშენებები როგორც დროის სიმბოლო

ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა. ამ ფორმით დაშენების ფართო მასშტაბი ცნობილია არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში. დღეისათვის დაჯარიმებულია ასობით ოჯახი და შეიძლება უფრო მეტიც. ხვალ კი მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება თითქმის ყველა. ვიცით, რომ შესაბამის საპარლამენტო კომიტეტში მიმდინარეობდა ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა და მართლაც შეიძლებოდა ე.წ. სამერცხლურებთან დაკავშირებით ამნისტიის გამოცხადება. საბოლოდ, გასული წლის გაზაფხულზე გაცემული ბრძანება დაჯარიმების შესახებ ბატონ დავით ნარმანიას ხელის მოწერით მივიღეთ მიმდინარე წლის 7 აპრილს.

– თვლით, რომ უსამართლოდ დაგაჯარიმეს?

— ეს რომ არ იყოს საკანონმდებლო ხარვეზი, როგორ შეიძლება ყველას ერთად დაგვერღვია კანონი და, საერთოდ, ვინ იყენებს სხვენს საცხოვრებელ ფართად გაჭირვებული მოსახლეობის გარდა? პირადად მე და ჩემმა მეუღლემ, იმ იმედით, რომ ცოტათი მაინც გაგვიუმჯობესდებოდა საცხოვრებელი პირობები, სამერცხლურის მშენებლობა ვაწარმოეთ ბანკიდან აღებული სესხით. ამან მატერიალური მდგომარეობა კიდევ უფრო გაგვირთულა. დღეს უკვე ჯარიმის 8000 ლარს ემატება აშენების და დემონტაჟის თანხა, მშენებლობისთვის აღებული ბანკის სესხი, სასამართლო ხარჯები. ეს ყველაფერი ძალიან დიდ თანხამდე ადის. ყოველივე ამის გამო გამოდის, რომ უნდა გავყიდოთ ის ერთადერთი საცხოვრებელი ბინა, რომელშიც ვცხოვრობთ და დავრჩეთ საერთოდ უბინაოდ, ღია ცის ქვეშ. ფაქტიურად ვკარგავთ ყველაფერს. ამ მდგომარეობაშია ასეულობით ოჯახი. ეს ქალაქის მერს და მთავრობას პრობლემად არ მიაჩნია. ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ ე.წ. სამერცხლურებთან დაკავშირებით მთავრობამ შეიმუშავა ამნისტია, თუმცა ეს აღმოჩნდა წინასაარჩევნო დაპირება, რადგან გასული წლის არჩევნებიდან საკმაოდ დიდი დროა გასული და არც ქალაქის მერს და არც პარლამენტს აღნიშნულ საკითხზე არ უმსჯელიათ. ყველა ზემდგომი ორგანოსთვის მოსახლეობის ეს პრობლემა კარგად არის ცნობილი.

სამშენებლო ექსპერტების პრესკონფერენცია თბილისში - Sputnik საქართველო
მშენებლებმა საქართველოში თანამედროვე შენობების ოთხი მთავარი საფრთხე დაასახელეს

მე თუ საშუალება და საცხოვრებელი ფართი მექნებოდა, რა ინტერესით გავაკეთებდი ამის დაშენებას, ეს ხომ პატარა თანხასთან არ იყო დაკავშირებული? ვფიქრობ, რომ გამორჩეულად ვართ დაჯარიმებული. როცა ვუთხარი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს, რომ სახლის მშენებლობა, რემონტი უკვე დამთავრებულია, სად იყავით მთელი ორი წელი, რატომ არ შემაჩერეთ–მეთქი, მითხრეს, რომ გიჩივლეს და ამის საფუძველზე დაგაჯარიმეთო. დარწმუნებული ვარ, თუ არჩევნებამდე არ შევიდა ძალაში ამინისტია, მერე აღარავინ მოგვხედავს და არავინ ეცდება ჩვენი პრობლემის მოგვარებას.

– თქვენს მოტივაციაში რას გეუბნებიან, რის გამო ხართ დაჯარიმებული?

— ქანობის დარღვევაა მიზეზი. ფოტომონტაჟი რომ მოგვცეს, გვითხრეს, ზუსტად ასეთი ააშენეთო და ზუსტად ასეთია აშენებული. ფანჯრებს შორის შეჭრის სიღრმე არ არის მითითებული. ყველა პროექტს თან ახლავს განმარტებითი ბარათი, სადაც ნებისმიერ ადამიანს გასაგებ ენაზე აქვს განმარტებული სამშენებლო პარამეტრები. ამას არაფერი არ ახლავს, იმიტომ აღიარეს საკანონმდებლო ხარვეზად, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვიერად. რიგითი ადამიანი ყველა სამშენებლო ტერმინოლოგიაში ვერ ერკვევა, ამიტომ უნდა განუმარტო.

 

ჩვენ ვცადეთ თბილისის მერიაში გადაგვემოწმებინა აღნიშნული ფაქტი. როგორც ზედამხედველობის სამსახურში განგვიცხადეს, ქალბატონი ირინე ბაგაური მეზობლის საჩივრის საფუძველზე შეამოწმეს ზედამხედველობის თანამშრომლებმა და აღმოჩნდა, რომ მშენებლობის დროს იყო დარღვევები, რის გამოც დაჯარიმდა 8 000 ლარით. მათივე განცხადებით, იგეგმება ამინისტია, თუმცა დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის და, შესაბამისად, ამაზე საუბარი არ შეუძლიათ.

„ამინისტიას ამზადებს საკრებულო. როდის და როგორ იქნება, ამას ჩვენ ვერ გეტყვით. როცა იქნება, ამას ყველა დაინტერესებული პირი გაიგებს“, – განაცხადეს ზედამხედველობის სამსახურში.

ყველა ახალი ამბავი
0