თბილისი, 3 მაისი — Sputnik. გრიპების სეზონი მთავრდება, მაგრამ კოღოებისა და ტკიპების სეზონი გვიახლოვდება, განაცხადა ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მიუწოდა.
იმნაძის თქმით, მწერები გადამდები დაავადებების გადამტანებია. განსაკუთრებული სიფრთხილე ადამიანებმა ბუნებაში გასვლისას და საქონლის დამუშავებისას უნდა გამოიჩინონ.
„ორი კვირაც და გრიპის სეზონი მორჩება… გრიპების სეზონიდან გადამტანი, გადამდები დაავადებების სეზონზე გადავდივართ. ამ პერიოდში აქტიურად გამოჩნდებიან ტკიპები. იყო ტულარემიის (ინფექცია — რედ.) რამდენიმე შემთხვევა, რომელიც ასევე მღრღნელებით დაბინძურებული საკვებით ან წყლით იყო გამოწვეული“, — განაცხადა იმნაძემ.
სპეციალისტები მოსახლეობას მიმართავენ, ბუნებაში გასვლისას და საქონლის დამუშავებისას გამოიჩინონ სიფრთხილე – შიშველი, დაუცველი ხელით ნუ მოაშორებენ ძროხებს ტკიპებს, გამოიყენონ სპეციალური საშუალებები, რომლებიც საკმაოდ ეფექტურია.
ტკიპების გადამტანი დაავადებებიდან განსაკუთრებით საშიშია ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ციებ-ცხელების ვირუსი.
იმნაძის თქმით, ევროპის სამხრეთში და საქართველოში გამოჩნდა კოღო „ეჯიპტი“ (Aedes aegypti), რომელიც დენგეს ციებ-ცხელების, ჩიკუნგუნიას, ყვითელი ციებ-ცხელების გადამტანია. ეს მცირე ზომის, მუქი შეფერილობის კოღო, თეთრი წინწკლებით და ზოლიანი კიდურებით, საქართველოში 60 წელია არ გამოჩენილა.
„ჩვენი მხრიდან, უნდა ვეცადოთ, რომ არ შევუქმნათ კოღოს გამრავლების პირობები და გამოვიყენოთ მათი დამაფრთხობლები“, — აღნიშნა იმნაძემ.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, კოღოების წინააღმდეგ საბრძოლველად 3 წელია ტარდება ზღვისპირეთის ტერიტორიის სპეციალური ხსნარით დამუშავება, რადგანაც აქ სხვადასხვა სახეობის კოღო ყველაზე ხშირად გხვდება.