თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ზიკას ვირუსის გადამტანი კოღოების გაჩენის თავიდან ასარიდებლად, აღმოსავლეთ საქართველოს ტბებსა და მდინარეებში გამბუზიის სახეობის თევზს მოაშენებენ, რომლებიც მწერებს წარმატებით ანადგურებენ.
უფრო ადრე სპეციალისტები ზიკას გადამტანი კოღოს გავრცელებას შავი ზღვის სანაპიროზე ვარაუდობდნენ. გამბუზია უკვე ჩაუშვეს თბილისის კუს ტბაში.
„ეს კოღოებთან ბრძოლის ძალზე მნიშვნელოვანი პროფილაქტიკური ღონისძიებაა… ამ ჯიშის თევზმა გასული საუკუნის დასაწყისში უკვე გაანდგურა კოლხეთის დაბლობში მალარიის კოღო““, — განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა.
გამბუზიის კუს ტბაში გაშვების ღონისძიება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და „საქართველოს მეთევზეთა კლუბის“ მიერაა ორგანიზებული. თევზის ეს სახეობა თბილისში დასავლეთ საქართველოდან ჩამოიყვანეს.
გამბუზია მტკნარი წყლის, ცოცხლადმშობი პეცილიისებრთა ოჯახის თევზია. მისი სამშობლოა ამერიკა. ამჟამად, კოღოებთან ბრძოლისთვის, მთელი მსოფლიოს მტკნარ წყლებშია მოშენებული.
ეს პატარა თევზები იმითაა ცნობილი, რომ იკვებება კოღოს მატლებითა და ჭუპრებით, მცირე ზომის წყლის ცხოველებით, სხვა თევზების ქვირითით, საკუთარი ლიფსიტებითაც კი.