„დენგე ვირუსული დაავადებაა, რომელიც კოღოს მეშვეობით გადადის. საქართველოში ამ ვირუსის გავრცელების არანაირი საშიშროება არ არის. ინდოეთის მოქალაქე, რომელიც დენგეს ვირუსით იყო ინფიცირებული, სამშობლოში დაავადდა. როგორც ცნობილია, ინდოეთი ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, სადაც დენგეს ვირუსი ფართოდაა გავრცელებული“, — განაცხადა ზახაშვილმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.
როგორც მან აღნიშნა, ციებ-ცხელება ოთხ პაციენტს აღენიშნებოდა, თუმცა დენგეს ვირუსი ლაბორატორიულად მხოლოდ ერთს დაუდგინდა. პაციენტების მკურნალობა ზუგდიდის საავადმყოფოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების თანახმად მიმდინარეობდა.
პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი უკვე გაწერეს საავადმყოფოდან.
ინდოეთის მოქალაქეები საქართველოში რამდენიმე დღით ადრე სამუშაოდ ჩამოვიდნენ და პრაქტიკულად მაშინვე საავადმყოფოში მოხვდნენ.
დენგეს ვირუსის გადამტანია მდედრი კოღო, ძირითადად Aedes aegypti-ს სახეობის. დენგე ფართოდაა გავრცელებული ტროპიკულ ქვეყნებში. ეს მძიმე დაავადებაა, მაგრამ ლეტალური შედეგით იშვიათად სრულდება.
დენგეს ძირითადი სიმპტომებია მაღალი, 40 გრადუსამდე ტემპერატურა, თავის ძლიერი ტკივილი, ტკივილი თვალების არეში, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ღებინება, ლიმფური კვანძების გადიდება ან გამონაყარი.
2016 წლის დასაწყისში რიგ ქვეყნებში დენგეს საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა — Dengvaxia (CYD-TDV) დარეგისტრირდა, რომლის გამოყენებაც 9-დან 45 წლამდე ადამიანებს შეუძლიათ.