ჯგუფმა „ბანი“ რუსეთში მომავალ გასტროლებზე ისაუბრა

© Sputnik / Levan AvlabreliBani
Bani - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯგუფი „ბანი“ რუს თაყვანისმცემლებს განახლებულ პროგრამას, ახალ სიმღერებსა და სიურპრიზებს პირდება.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. პოპულარული ქართული ფოლკ-ჯგუფი „ბანი“ რუსეთის ქალაქებში დიდ საგასტროლო ტურში მიემგზავრება — კოლექტივის წევრებმა „Sputnik-საქართველოს“ მომავალ გასტროლებზე და შემოქმედებით გეგმებზე უამბეს.

კოლექტივის პრესკონფერენცია თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ორშაბათს გაიმართა.

 „ეს ძალიან საინტერესო პროგრამა იქნება. ჩვენ განახლებული პროგრამით მივდივართ. ის, რაც ჩვენს ადრეულ კონცერტებზე იყო, აღარ განმეორდება. მოგვემატა მოცეკვავეები, დავამატეთ შვიდი ახალი სიმღერა. ერთი სიტყვით, ჩვენს მსმენელებს საინტერესო და ძალიან პოზიტიური კონცერტები ელის“, — განაცხადა ჯგუფის სოლისტმა მათე ფირცხალავამ.

ჯგუფი ბანი - Sputnik საქართველო
ჯგუფი "ბანი" Voice of Nomads-ის ფესტივალზე გაემგზავრება

ქართველი მუსიკოსების კონცერტები ჩატარდება ჩერკესკში (12 მაისი), ნალჩიკში (13 მაისი), მახაჩკალაში (15 მაისი), ვოლგოგრადში (16 მაისი), მოსკოვში (18, 19 და 10 მაისი), ეკატერინბურგში (26 მაისი). 27 მაისიდან ჯგუფი გასტროლებს უკრაინასა და ბელარუსში გააგრძელებს.

რაც შეეხება კონცერტებს საქართველოში, კერძოდ თბილისში, პროდიუსერმა განაცხადა, რომ საქართველოს დედაქალაქი მათთვის ამ კუთხით „ყველაზე საშიში ქალაქია“, რადგან აქ ყველაზე მომთხოვნი მსმენელია. ამიტომ სამშობლოში კონცერტზე მათ გრანდიოზული შოუს მოწყობა სურთ, ამისათვის კი საკმაო კომერციული მხარდაჭერა სჭირდებათ.

„ახლახან ჰოლანდიიდან დავბრუნდით. სულ სხვა მსმენელია ევროპელები. ისინი სულ სხვა მუსიკას უსმენენ. „ბანს“ ეკლესიაში მოუსმინეს — ამან ჰოლანდიის ტური მოგვიტანა. მსგავსი ვარიანტი რუსეთშიც გვექნება. შარშან რუსეთში პირველად ვიყავით — მაშინ 14 კონცერტი გვქონდა. რუსეთში ბევრი თაყვანისმცემელი გვყავს“, — განაცხადა ჯგუფის პროდიუსერმა ჭაბუკა ამირანაშვილმა.

ჯგუფი ბანი - Sputnik საქართველო
ჯგუფი „ბანი“: ცოლებზე, საფირმო ღიმილსა და თაყვანისმცემლებზე

მუსიკოსებმა შემოქმედებით გეგმებზეც ისაუბრეს. კერძოდ, ახალი ალბომის შესახებ, რომელზეც მუშაობა შემოდგომით დასრულდება.

 „თითქმის ერთი წელია, რაც ამ ალბომზე მუშაობა დავიწყეთ. მასში სავარაუდოდ, ათი სიმღერა შევა. ეს საქართველოს იმ კუთხეების კომპოზიციები იქნება, რომელზეც ჯერ არ გვიმღერია. მალე გამოვა სიმღერა „მალიკას“ ახალი კავკასიური ვერსია. რამდენიმე სიმღერა სიურპრიზი იქნება, ისინი არ გაიჟღერებს არც ტელევიზიაში, არსად, მხოლოდ დისკზეა“, — განაცხადა ჯგუფის წევრმა ბექა მიქაძემ.

კოლექტივი კლიპების გადაღებაზეც მუშაობს. 

„მალე ორი კლიპი გვექნება, გადაღებებისათვის ვემზადებით. ძალიან ნიჭიერ ბიჭებთან ერთად გადავიღებთ. ერთი კლიპი „მეგრულ სიმღერაზე“, მეორე — კომპოზიციაზე „ესაა მთელი სამყარო“, — განაცხადა „ბანის“ მუსიკოსმა ბესო კვიციანმა.

გარდა ამისა, ამირანაშვილის თქმით, კოლექტივის პროგრამაში მალე ჰამლეტ გონაშვილის რეპერტუარიდან ერთ-ერთი ძალიან ცნობილი სიმღერის ახალი ჩანაწერი გაჩნდება.

ჯგუფი "ბანი" 2011 წლის 2 იანვარს დაარსდა. კოლექტივი, პირდაპირი მნიშვნელობით, ქუჩაში "დაიბადა" – პირველ ნახევარ წელს მუსიკოსები ქართულ ფოლკლორულ სიმღერებს ქალაქის მიწისქვეშა გადასასვლელებში მღეროდნენ, შემდეგ ეს სიმღერები ქართული რესტორნების სცენაზე გადაიტანეს. მაშინ დაიბადა მათი პირველი ჰიტიც – "რაჭული", რომელმაც "ბანს" მთელ საქართველოში დიდი პოპულარობა მოუტანა.

დღეს ჯგუფის შემადგენლობაში არიან: მათე ფირცხალავა – სოლისტი და პირველი ხმა, ვოკალისტები – რაულ ბიწაძე (მეორე ხმა), გოგა ნიკოლაძე (ბანი, მეორე ხმა), ასევე გელა გოგიშვილი (დასარტყამი საკრავები, მეორე ხმა), ბესო კვიციანი (კლავიშიანი საკრავები, ბანი), ბესო მეტრეველი (გარმონი) და ბექა მიქაძე (დრამი, ბანი). 

ამჟამად ჯგუფის რეპერტუარში 30–ზე მეტი სიმღერაა. "ბანის" მუსიკა არა მხოლოდ საქართველოშია პოპულარული. ქართველი მომღერლების სიმღერებმა ნამდვილ გრძნობებზე, მტკიცე მეგობრობასა და სამშობლოს სიყვარულზე მთელ მსოფლიოში ათასობით თაყვანისმცემელი მოხიბლა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0