პოპულარობის საიდუმლოს შესახებ, იმაზე, თუ როგორ უყურებენ ცოლები მათ წარმატებებს, ჯგუფის მთავარ სავიზიტო ბარათსა და სოციალურ ქსელებში ფეიკის აკაუნტებზე Sputnik-ს „ბანის“ სოლისტი მათე ფირცხალავა ესაუბრა.
– მათე, ბოლო დროს თქვენ ჯგუფზე რუსეთში დიდი მოთხოვნაა. კონცერტებზე ბილეთები უსწრაფესად იყიდება, როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?
— ის, რასაც ვაკეთებთ, მთელი სულითა და გულით ვაკეთებთ. ამიტომ გამოგვდის. ბევრს ვშრომობთ, დღესა და ღამეს მუსიკას ვუძღვნით. ასე რომ, ვფიქრობ, როდესაც შენს საქმეს სიყვარულით აკეთებ, ადამიანები ამას ხედავენ და დადებითად აღიქვამენ. ჩვენი პოპულარობის ერთადერთ მიზეზად ეს მიმაჩნია.
– ვერ ვიტყოდი, რომ ერთადერთი მიზეზი ეგაა, რადგან თქვენი ჯგუფის სავიზიტო ბარათი, როგორც ცნობილია, შენი მომაჯადოებელი ღიმილია…
— კი, ასე ამბობენ (იღიმება)…
— მოგვიყევი, როგორ ახერხებ შენს საფირმო ღიმილს სიმღერის დროსაც კი?
— ეს სპეციალურად არ ხდება. ეს ჩემი გულის ღიმილია, რადგან როცა ვმღერი, სადღაც გადავდივარ. თუ ბალადას ვმღერი მთებზე, მთელი სულით მთებში ვარ – მთის წვერზე ვდგავარ და იქიდან ვუყურებ დედამიწას. ეს უზარმაზარ სიამოვნებას მანიჭებს. ასე რომ, ეს არავითარ შემთხვევაში არაა ხელოვნური ღიმილი, ეს ბუნებრივია და გულიდან მოდის. არის მომენტები, როდესაც საერთოდ არ ვიღიმი (იცინის).
– მაგრამ ეს ძალზე იშვიათად ხდება!
— კი, ძალიან იშვიათად.
– მათე, როგორ იმოქმედა თქვენზე პოპულარობამ? თქვენ ხომ მოკლე დროში დიდ წარმატებას მიაღწიეთ.
— ძალიან დადებითად. მაგრამ, მიუხედავად ამისა, უფრო მეტს ვშრომობთ, რადგან მოტივაცია დიდია. და, სიმართლე რომ გითხრათ, მოუთმენლად ველოდებით მორიგ კონცერტებს, რადგან ყველგან საინტერესო და მხიარული ატმოსფერო გველოდება.
– ცოლებიც ასე მოუთმენლად ელოდებიან თქვენს გასტროლებს? რამდენადაც ვიცი, „ბანის“ ყველა წევრი დაოჯახებულია.
— (იცინის) კი, ყველა, ჩვენი მეგარმონე ბესოს გარდა, რომელიც ჯერჯერობით უცოლოა. თქვენ მართალი ხართ, ჩვენი ცოლებისთვის ეს ნაკლებად სასიამოვნო მომენტებია. მაგრამ არც ისე…
– გასტროლებზე თან დაგყავთ?
— ჯერჯერობით არა. მაგრამ მომავალში ვგეგმავთ. ცოლებს ამით ვამშვიდებთ — აი, იქნება გასტროლები და მერე წაგიყვანთ.
– რუსეთის ქალაქებში გასტროლების შემდეგ სად აპირებთ წასვლას?
— მაისში რამდენიმე კონცერტი გვაქვს დაგეგმილი საფრანგეთში, შემდეგ კი იაპონიაში გასტროლებისთვის მოვემზადებით.
– რატომ არ გამოდიხართ საქართველოში ხშირად?
— საქართველოში რამდენიმე კონცერტი გვქონდა. რამდენიმე კონცერტს კიდევ ვგეგმავთ ამ ზაფხულს, როცა ყველა აქ იქნება. ქვეყნის რაიონებში გამოვალთ.
– მათე, შენი მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემელი არც თუ დიდი ხნის წინ განაწყენებული იყო, როცა გაიგო, რომ "ფეისბუქის" პირადი გვერდი არ გაქვს.
— იცით, რა არის? თავდაპირველად მართლა არ მქონდა "ფეისბუქში" აკაუნტი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემი სახელით რამდენიმე ფეიკის გვერდი გამოჩნდა, რომელთა საშუალებითაც ვიღაც ჩემ თაყვანისმცემლებთან ჩემი სახელით ურთიერთობდა, იძულებული გავხდი, ოფიციალური გვერდი შემექმნა. დღეს ეს გვერდი მაქვს.
– ალბათ ბევრი გწერს?
— ძალიან ბევრი (იღიმის). და ყველას მინდა პატიება ვთხოვო, რადგან თავისუფალი დროის უქონლობის გამო ყველას სათანადო ყურადღებას ვერ ვუთმობ. უბრალოდ, დროის დიდ ნაწილს რეპეტიციებზე ვატარებთ — კარგი და ხარისხიანი მუსიკის შექმნაზე ვმუშაობთ.