თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყნის ხელისუფლებას მშრომელთა უფლებების დაცვის თაობაზე მანიფესტით მიმართავენ.
მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში მასშტაბური მსვლელობა იმართება, რომლის მთავარი მოთხოვნაა მშრომელთა პირობების გაუმჯობესება და საქართველოს შრომითი კოდექსის სრულყოფა.
სტუდენტური მოძრაობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც მსვლელობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყეს, ვარდების მოედანზე გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლებს შეუერთდნენ, საიდანა საქართველოს პარლამენტის შენობისკენ აიღეს გეზი. იქ გაიმართება დემონსტრაცია და მიიღებენ ერთიან მანიფესტს.
როგორც აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ხელისუფლებები იცვლებიან, მაგრამ არავინ ფიქრობს იმაზე, როგორ დაამარცხონ სიღარიბე და სოციალური უთანასწორობა. მათი თქმით, საქართველოს შრომით კოდექსში შეტანილი ცვლილებები საკმარისი არ არის.
შრომით კოდექსში 2013 წელს გამოჩნდა შრომითი უფლებების დაცვის გარკვეული სტანდარტები და ჩამოყალიბდა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, თუმცა მას საკმაოდ შეზღუდული უფლებები აქვს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მთავრობამ პირობა არ შეასრულა და არ გააუმჯობესა ქვეყანაში ქალების სამართლებრივი მდგომარეობა, რადგან, როგორც წესი, მათი ხელფასები მამაკაცის ხელფასებზე 40%-ით ნაკლებია.
აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ საჭიროა დამტკიცდეს მაღალი სამუშაო სტანდარტები და აუცილებელია შეიქმნას ეფექტური ინსტიტუტი, რომელიც განახორციელებს მშრომელთა უსაფრთხო გარემოს სრულფასოვან მეთვალყურეობასა და მათი უფლებების დაცვას.
გაერთიანებული პროფკავშირები და "აუდიტორია 115" აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბებული ვითარების გამო, ისინი ამ მსვლელობით იწყებენ მშრომელთა უფლებების დაცვისთვის ბრძოლას, მათ შორის შრომის ეფექტიანი ინსპექციის, მინიმალური ხელფასის შესახებ ახალი კანონისა და ქუჩაში ვაჭრობის ევროპული სტანდარტების შექმნისთვის.