ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძეა. როგორც ბატონმა გიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მოგზაურობა არ უყვარს, თუმცა რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, უამრავ ქვეყანაშია ნამყოფი.
უცხო ეროვნების ქალის სიყვარულიც ხშირად განუცდია. თუმცა ყველაზე სევდიანად იხსენებს ფაქტს, როცა თვითმფრინავში სიგიჟემდე მოეწონა სტიუარდესა და შემდეგ წლები არ განელებია მასზე ფიქრი. დანარჩენს ბატონი გია თავად მოგიყვებათ.
— არასდროს მიყვარდა მოგზაურობა. მიკვირდა, როცა ამბობდნენ, მოგზაურობაზე ვგიჟდებიო. მე ამ დროს გაოცებული ვუყურებდი მათ. ასევე გაოცებული ვუყურებ მოგზაურებს, რომლებიც ზურგჩანთააკიდებულები დადიან. ეს ეხლაც ძალიან მიკვირს.
იმის მიუხედავად, რომ არ მიყვარს მოგზაურობა, ყველაზე უცნაური ის არის, რომ საქმის გამო იმდენ ქვეყანაში მიწევს მოგზაურობა და იმდენ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ვეღარც ვითვლი. მეგობრები სულ მეუბნებიან, ჩვენ გვიყვარს მოგზაურობა და ამ დროს შენ მოგზაურობ, ასე როგორ გიმართლებსო. მე კიდევ მიმაჩნია, რომ ეს სულაც არ არის გამართლება.
— შეგიძლიათ კონკრეტული მიზეზი დაგვისახელოთ, რატომ არ გიყვართ მოგზაურობა?
— გადაადგილება, გზა, გარემოს შეცვლა ძალიან მიჭირს. ზღვაზე დასასვენებლად, რომ მივდივარ, ერთი-ორი დღე მჭირდება, რომ აზრზე მოვიდე და გარემოს შევეგუო. მარტო დასვენება მიყვარს. თუ ისევ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად მიდიხარ სადმე, სანაპიროზე ისევ ბავშვების სახელებს ყვირი, ადრე დგები, რომ საუზმე მოამზადო — ეს უკვე დასვენება აღარ არის.
სულ მიკვირს იმ ხალხისა, ოჯახით რომ მიდიან დასასვენებლად. შეიძლება ცუდი ხასიათი მაქვს ამ საკითხში, მაგრამ, რა ვქნა, მთელი ცხოვრება ასე ვიყავი.
— უამბეთ მკითხველს თქვენი პირველი მოგზაურობის შესახებ.
— საოცრად შთამბეჭდავი იყო მოგზაურობა, როცა ჭიათურიდან პირველად ჩამოვედი თბილისში. პატარაობისას კი ვყოფილვარ, მაგრამ არ მახსოვს. 15 წლისა ვიყავი, პირველად რომ ამოვედი მეტროდან მაშინდელ ლენინის მოედანზე. წავედით რუსთაველისკენ და ჩემს გაოგნებას საზღვარი არ ჰქონდა, მთავრობის სასახლე რომ დავინახე, მაშინდელი ცეკას შენობა. ვიდექი და გაშტერებული ვუყურებდი. საღამო იყო, მთელი ქუჩა ჩახჩახებდა და ირგვლივ ყველაფერი ულამაზესად მეჩვენებოდა.
ნაბიჯი გადავდგი და რკინის მანეთიანი ვიპოვე. უზომოდ გამეხარდა. ეს მანეთიანი დღესაც შენახული მაქვს, იმიტომ რომ ის თითქოს ჩემს ცხოვრებაში სიახლის სიმბოლოდ იქცა.
— საზღვრებს გარეთ რომელ ქვეყანას ეწვიეთ პირველად?
— პირველად ვიმოგზაურე რუსეთში, შემდეგ უკრაინაში, უნგრეთში და მიჰყვა ასე ერთმანეთს.
საოცარი იცით რა არის? თბილისის მერე სადაც ჩავდიოდი, არსად არაფერი აღარ მაკვირვებდა, აღარ მაოცებდა. ამერიკაში პირველად რომ ჩავედი, მაშინ მანჰეტენზე ტყუპი ცათამბჯენები ჯერ ისევ იდგა. კი, ეს ქვეყანა შთამბეჭდავი იყო ჩემთვის, მაგრამ არა გასაოცარი. მე მაოცებს ადამიანის სიკეთე.
— და რომელ ქვეყანაში გაგაოცეს ადამიანებმა?
— ასე გამოკვეთილად ვერ ვიტყვი, რადგან ყველა ქვეყანას თავისი ტრადიციები აქვს, ყველა ადამიანს თავისი ხიბლი აქვს. ძალიან მომწონს ის, რომ უცხოეთში ყველა გიღიმის, ყველა გესალმება. არ უკვირთ არც შენი ჩაცმა, არც გარეგნობა. ეს დადებითი ენერგია და პოზიტივი ჯაჭვივით არის გაბმული ადამიანებზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენთანაც შემოვა და დამკვიდრდება ეს ტენდენცია. ერთ მშვენიერ დღეს უცნობ ადამიანებს შევხვდებით ქუჩაში, გავუღიმებთ და მივესალმებით. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამაზე ლაპარაკი და რადგან დავიწყეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ შედეგი აუცილებლად იქნება.
— დაგითვლიათ, რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?
— არ დამითვლია და არც გირჩევთ ეხლა დამათვლევინოთ, რადგან ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ძალიან მაინტერესებს და მინდა წავიდე აფრიკაში. სულ მალე ბრაზილიაში მივდივარ გადაღებიდან.
— უცხო ეროვნების ქალი თუ გყვარებიათ როდისმე?
— კი, აზერბაიჯანელიც მიყვარდა, სომეხიცა და ებრაელიც. პირველად ერთი ამერიკელი ფერადკანიანი გოგო მომწონდა. ისეთი გაშტერებული ვიყავი… საქართველოში მაშინ ფერადკანიანები არ იყვნენ ასე მასიურად. ვიფიქრე, ცოლად მოვიყვან ამ ქალს და საქართველოში ამბავი ატყდება-მეთქი. მერე ვიფიქრე, ამბის ასატეხად ხომ არ მოვიყვან ცოლს-მეთქი და აღარ მოვიყვანე.
სიყვარულთან დაკავშირებით კიდევ ერთი ფაქტი მინდა გავიხსენო, რომელიც არასდროს დავიწყდება. ერთხელ თვითმფრინავში ისე მომეწონა სტიუარდესა, რომ კინაღამ გავგიჟდი. წლები მახსოვდა. რამდენჯერაც თვითმფრინავში ავიდოდი, იმდენი თვალებით ვეძებდი და სულ მქონდა იმედი, რომ იქ დამხვდებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, იმის მერე აღარ შემხვედრია.
— რაიმე უცნაურ ტრადიციას ხომ არ შესწრებიხართ რომელიმე ქვეყანაში?
— ეხლა ეს არავის უკვირს, მაგრამ მაშინ მე გამაოგნა იმან, რასაც ამერიკაში შევესწარი: გარდაიცვალა ადამიანი და შინ კი არ მიასვენეს, პანაშვიდი სპეციალურ ორგანიზაციაში გადაუხადეს. ჩემთვის ეს იყო შოკის მომგვრელი.
— გურმანი თუ ხართ და რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოყოფდით?
— რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, არ ვარ გურმანი, მაგრამ ყველაფერი გასინჯული მაქვს. ვეგეტარიანელი ვარ, ხორცს არ ვჭამ. გასინჯული მაქვს თითქმის ყველანაირი თევზეული და ბოსტნეული. ძალიან მიყვარს ჩინური სამზარეულო. მაგრამ მაინც დაილოცოს ქართული სამზარეულო.
— მესმის, რომ არ გიყვართ მოგზაურობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც გექნებათ საოცნებო ქვეყანა, სადაც ძალიან გინდათ მოხვედრა. რომელია ეს ქვეყანა?
— ოცნებით არ ვოცნებობ, მაგრამ სიამოვნებით წავიდოდი აფრიკაში. ინდოეთში მინდოდა მოხვედრა და მოვხვდი კიდეც.
— როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ინდოეთმა თქვენზე?
— ინდოეთში გამაოცა რადიკალურად განსხვავებულმა საცხოვრებელმა პირობებმა: აქეთ სასწაულებრივად მდიდრული სასახლეები, იქით, მეორე მხარეს, ქუჩაში მძინარე ღატაკები. იქ ხალხი პირდაპირ ქუჩაში და სახლის სახურავებზე ცხოვრობს. ბოლივუდს როგორც კი გადმოსცდები, მაშინვე თვალში მოგხვდება მუყაოს ყუთებისგან შეკრული ქოხები, სადაც ადამიანები ცხოვრობენ. გადაცემაში ვაჩვენე კიდეც ეს ყველაფერი. ქვეყანაში საოცარი სიღარიბეა, მაგრამ ბუნება აქვთ ულამაზესი.
თუმცა, რა არის გასაკვირი? სამწუხაროდ, საქართველოშიც ხომ ძალიან ბევრი ღარიბი ადამიანია…