თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 2017/2018 სასწავლო წლიდან აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიას მიიღებენ, აცხადებენ უწყების პრეს-სამსახურში.
სამშაბათს თბილისში აკადემიკოსისა და საზოგადო მოღვაწის ილია ვეკუას დაბადების 110 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა. უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მთაწმინდის პანთეონში ვეკუას საფლავი გვირგვინებით შეამკეს, ხოლო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აჩვენეს დოკუმენტური ფილმი "აკადემიკოს ვეკუას პორტრეტი".
ილია ვეკუა 1907 წელს გალის რაიონის სოფელ შეშელეთში დაიბადა. 1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1937 წელს ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიიღო, ხოლო 1940 წელს — დოქტორის ხარისხი. 1944 წელს ილია ვეკუა აირჩიეს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1946 წელს — ნამდვილ წევრად და სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. 1958 წლიდან იყო სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
1951–1957 წლებში მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრის გამგე იყო. 1954–1959 წლებში იყო სტეკლოვის სახელობის მათემატიკური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 1959 წელს ილია ვეკუა ახლადდაარსებული ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის პირველ რექტორად დაინიშნა.
1956 წელს საბჭოთა კავშირის თეორიული და გამოყენებითი მექანიკის ეროვნული კომიტეტის პირველ შემადგენლობაში შევიდა. 1964-1965 წლებში — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.
1964–1972 წლებში ილია ვეკუას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა ეკავა. 1972–1977 წლებში ილია ვეკუა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი იყო.
თანამედროვე მათემატიკური ფიზიკისა და მექანიკის უმნიშვნელოვანეს მიმართულებებში აკადემიკოსს ძირეული კვლევები ეკუთვნის, სადაც მის მიერ გაკეთებული უდიდესი გამოგონებები აისახა.
სოციალისტური შრომის გმირი ილია ვეკუა დაჯილდოებულია სტალინის პრემიით, სსრკ-ის სახელმწიფო პრემიით, ლენინის პრემიით, ლენინის ორდენით, მედლით "კავკასიის დაცვისათვის" და სხვა ჯილდოებით.
ილია ვეკუა 1977 წელს გარდაიცვალა.