არეულობა ბათუმში: ყოფილი ოპოზიციონერი პატიმრობაშია

© photo by Seyran Baroyanპოლიციის სპეცრაზმი ბათუმის ქუჩებში არეულობის აღსაკვეთად გამოჰყავთ
პოლიციის სპეცრაზმი ბათუმის ქუჩებში არეულობის აღსაკვეთად გამოჰყავთ - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი ირაკლი ჩხვირკია და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე სასამართლო გადაწყვეტილებას პატიმრობაში დაელოდებიან.

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმში მომხდარი არეულობის საქმესთან დაკავშირებით პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრ ირაკლი ჩხვირკიასა და არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის" ხელმძღვანელ მერაბ ღოღობერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ჩხვირკია და ღოღობერიძე "ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის" ბრალდებით კვირას დააკავეს. არეულობა ბათუმში 12 მარტის ღამით მოხდა. ჩხვირკიამ სოლიდარობა გამოუცხადა აქციის მონაწილეებს და ხელისუფლების გადადგომა მოითხოვა, ამ განცხადების გამო კი ის "ნაციონალური მოძრაობიდან" გარიცხეს. მიზეზი პარტიასთან შეუთანხმებელი განცხადებები გახდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
არეულობა ბათუმში: სასამართლომ წინასწარი პატიმრობა კიდევ ცხრა ადამიანს შეუფარდა

რაც შეეხება ღოღობერიძეს, მან ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე Facebook-ში დაწერა, თითქოს აჭარის პოლიციის უფროსმა კახა ბუხრაძემ აჭარლებს "თათრები" უწოდა, რაშიც მოსახლეობის ნაწილის ისლამურ აღმსარებლობას გულისხმობდა, და ამის გამო მოსახლეობას პროტესტისკენ მოუწოდა.

"სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას მხედველობაში მიიღო ბრალად წარდგენილი ქმედების სიმძიმე, საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, ბრალდებულების პიროვნული მახასიათებლები, მათი დამოკიდებულება კანონის მოთხოვნებისა და შეზღუდვებისადმი, ასევე დანაშაულის შესაძლო გაგრძელების და მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის რისკები და მიიჩნია, რომ არსებობდა როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების — პატიმრობის გამოყენებისთვის", — ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 20 ივნისს გაიმართება.

სასამართლო გადაწყვეტილება პოლიტიზებულად მიიჩნიეს ზოგიერთი ავტორიტეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს "ევროპული საქართველოს" დეპუტატის პეტრე ზამბახიძის აზრით, ჩხვირკია არეულობის მონაწილე არ ყოფილა, იმ ღამეს ის მხოლოდ ცალკეული განცხადებებით შემოიფარგლა.

"ჩვენ გუშინ ვიხილეთ პოლიტიზებული სასამართლო და შერჩევითი სამართალი, როდესაც ირაკლი ჩხვირკია დააკავეს და დღეს წინასწარ პატიმრობაშია, მაშინ როდესაც ის ამ პროცესში, შეიძლება ითქვას, საერთოდ არ მონაწილეობდა და მხოლოდ განცხადებით იყო შემოფარგლული. ბუნებრივია, გამოძიებას ვერანაირი მტკიცებულება ვერ ექნება. ეს იყო პირდაპირი მესიჯი ხელისუფლების მხრიდან, რომ აგრძელებს პოლიტიკურ დევნას და პოლიტიზებული სასამართლოა ქვეყანაში“, — განაცხადა პეტრე ზამბახიძემ ბრიფინგზე.

ჩხვირკიას დედამ განაცხადა, რომ როდესაც ბათუმში მდგომარეობა გამწვავდა, მისი შვილი თბილისში იმყოფებოდა, ბათუმში კი დილის 5 საათისთვის ჩავიდა, როდესაც ყველაფერი უკვე დასრულებული იყო.

ბათუმის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
არეულობა ბათუმში: სასამართლომ ერთი ადამიანი გაამართლა

სასამართლოს გადაწყვეტილებაში პოლიტიკური სარჩულის არსებობა მმართველ პარტიაში გამორიცხეს.

"ეს პიროვნება მე პირადად მახსოვს აგრესიული განცხადებებით სატელევიზიო ეთერიდან. რაც შეეხება საქმის მასალებს, ვერ გეტყვით, რა არის საქმის მასალებში, მაგრამ გამოძიებამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და ეს გადაწყვეტილება სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დადასტურდა. ეს მაფიქრებინებს, რომ ამ ეტაპზე არის საკმარისი მასალები იმისთვის, რომ ეს ადამიანი იყოს წინასწარ პატიმრობაში“, — განაცხადა საქართველოს პარლამენტის მმართველი პარტიის დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

ბათუმში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შაბათს, 11 მარტს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ბათუმის ცენტრში უკანონო პარკირების გამო ერთ-ერთ მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რასაც იგი არ დაეთანხმა. ურთიერთშელაპარაკებაში გამვლელებიც ჩაერთვნენ. საბოლოოდ სამართალდამცველებმა ექვსი ადამიანი დააკავეს, რის შემდეგაც ქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა აჭარის პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით. სტიქიური აქცია არეულობაში გადაიზარდა, რომელიც დილით სპეცდანიშნულების რაზმის ჩარევის შემდეგ დასრულდა.

ამ დროისათვის ბათუმში მომხდარი არეულობის საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 21 ადამიანია მიცემული. შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სულ 75 ადამიანი დააკავა, რომელთა უმეტესობა ჯარიმის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.

ყველა ახალი ამბავი
0