არეულობა ბათუმში: სასამართლომ წინასწარი პატიმრობა კიდევ ცხრა ადამიანს შეუფარდა

© photo: Sputnik / Seyran Baroyanბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმში მომხდარი არეულობის ფაქტზე წინასწარ პატიმრობაში უკვე 15 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. ბათუმში 12 მარტის ღამეს მომხდარი არეულობის საქმესთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლომ კიდევ ცხრა ადამიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, აცნობეს "Sputnik–საქართველოს" სასამართლოში.

ბათუმში მომხდარი არეულობის საქმესთან დაკავშირებით ამჟამად წინასწარი პატიმრობა 15 ადამიანს აქვს შეფარდებული. საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლებით "მასობრივი არეულობის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, ცეცხლის წაკიდება, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება ან/და ხელისუფლების წარმომადგენლისადმი შეიარაღებული წინააღმდეგობა" და "თავდასხმა პოლიციის თანამშრომელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე".

"გუშინ სასამართლოში განსახილველად შემოვიდა ცხრა პირის საქმის მასალები. პროცესი გაიმართა გვიან, 19:00 საათზე და ყველა მათგანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა", — განაცხადა სასამართლოს წარმომადგენელმა.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
ბათუმის საქალაქო სასამართლომ არეულობის მონაწილე ხუთ პირს პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაკავებულთა ახლობლებსა და ნათესავებში უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ, რომ დაკავებულები უდანაშაულონი არიან და საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

"ძალიან მალე მტკიცებულებებს წარვადგენთ, რითიც დამტკიცდება, რომ დაკავებულ პირთა ნაწილს მათთვის წაყენებული ქმედებები საერთოდ არ ჩაუდენია, ნაწილმა კი საერთოდ სხვა დანაშაული ჩაიდინა, რომელიც პატიმრობას არ ითვალისწინებს", — განაცხადა დაკავებულთა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში პრაქტიკულად ყოველდღე ქალაქში მომხდარი არეულობის ფაქტზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. ამ დროისათვის ჩატარდა ადმინისტრაციული წესით დაკავებული 45 პირის სასამართლო პროცესი. შვიდ ადამიანს სასამართლომ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ზოგიერთი კი 250 და 300 ლარით დაჯარიმდა, ნაწილი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა, ზოგიერთმა კი სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო.

ბათუმში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შაბათს, 11 მარტს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ბათუმის ცენტრში უკანონო პარკირების გამო ერთ-ერთ მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რასაც იგი არ დაეთანხმა. ურთიერთშელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა ექვსი ადამიანი დააკავეს, რის შემდეგაც ქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა აჭარის პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით. სტიქიური აქცია არეულობაში გადაიზარდა, რომელიც დილით სპეცდანიშნულების რაზმის ჩარევის შემდეგ დასრულდა.

ყველა ახალი ამბავი
0