თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილე ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება სასამართლოს პრესსამსახური.
„წარდგენილი ბრალის თანახმად, კახა მ.-ს, მინდია ბ.-ს, გიორგი ბ.-ს, გენადი მ.-ს და ლაშა დ.-ს ბრალად ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა“, — ნათქვამია ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
პრესსამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების — პატიმრობის“ შეფარდებამდე სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულების პიროვნება, ბრალად წარდგენილი ქმედების ხასიათი, ასვე სხვა დეტალები და ამის საფუძველზე გამოიტანა აღნიშნული გადაწყვეტილება.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 12 მარტის 00:30 საათზე ლაშა დეკანოიძე, მინდია ბერიძე, გიორგი ბერიძე, გენადი მამულაძე, კახა მახარაძე და კიდევ ორი არასრულწლოვანი, რომელთაგან ერთი ნასამართლევია, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ პოლიციელებს და „მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინეს მათ.
თავდასხმის შედეგად პოლიციელებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს, ასევე განადგურდა მოქალაქეებისა და პოლიციის კუთვნილი ავტომობილები და ქალაქის ინფრასტრუქტურა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 08 მაისს, 14:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ: ბათუმში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შაბათს, 11 მარტის ღამეს, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ბათუმის ცენტრში უკანონო პარკირების გამო ერთ-ერთ მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რასაც იგი არ დაეთანხმა. ურთიერთშელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა ექვსი ადამიანი დააკავეს, რის შემდეგაც ქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა აჭარის პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით. სტიქიური აქცია არეულობაში გადაიზარდა, რომელიც დილით სპეცდანიშნულების რაზმის ჩარევის შემდეგ დასრულდა.