არეულობა ბათუმში: სასამართლომ ერთი ადამიანი გაამართლა

© photo: Sputnik / Seyran Baroyanბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნარიმან ლომინაძეს ბათუმში მომხდარი არეულობის დროს წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობა ედებოდა ბრალად.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნარიმან ლომინაძის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა, რომელსაც ბათუმში მომხდარი არეულობის დროს წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობა ედებოდა ბრალად.

საქართველოს შსს–ს მონაცემებით, ბათუმში 11 მარტის ღამეს მომხდარი არეულობის შემდეგ პოლიციამ დაახლოებით 40 ადამიანი დააკავა, მოგვიანებით კი მათგან 30  ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. მათ შორის ნარიმან ლომინაძეც იყო. ყველა მათგანს წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობა ედება ბრალად. შვიდ ადამიანს  ხუთი დღის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული. მოგვიანებით, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა ციალა ქათამიძემ „Sputnik საქართველოს“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბათუმში 75 ადამიანია დაკავებული. 

არეულობა ბათუმში - Sputnik საქართველო
ბათუმში მომხდარი არეულობის სამი ვერსია

„ნარიმან ლომინაძის მიმართ შეწყდეს საქმისწარმოება მის ქმედებებში სამართალდარღვევის არარსებობის გამო. ხსენებული დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია დღეიდან 10 დღის განმავლობაში“, — განაცხადა მოსამართლე გოჩა პაჭკორიამ.

ბათუმის სასამართლოში სასამართლო პროცესები 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობს. რვა ადამიანი 250 ლარით დაჯარიმდა, ერთს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, ორის მიმართ საქმისწარმოება შეწყდა, ორი ბრალდებულის სასამართლო პროცესი გადადებულია.

ბათუმში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შაბათს, 11 მარტის ღამეს, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ბათუმის ცენტრში უკანონო პარკირების გამო ერთ-ერთ მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რასაც იგი არ დაეთანხმა. ურთიერთშელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა ექვსი ადამიანი დააკავეს, რის შემდეგაც ქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა აჭარის პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით. სტიქიური აქცია არეულობაში გადაიზარდა, რომელიც დილით სპეცდანიშნულების რაზმის ჩარევის შემდეგ დასრულდა.


ყველა ახალი ამბავი
0