ბათუმში მომხდარი არეულობის სამი ვერსია

© photo: Sputnik / Seyran Baroyanარეულობა ბათუმში
არეულობა ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმისათვის, რომ ბათუმში ღამის არეულობების მიზეზებსა და შესაძლო შედეგებს ჩავწვდეთ, საჭიროა არა მხოლოდ მოვლენათა ქრონოლოგიის კარგი ცოდნა, არამედ რეგიონის სპეციფიკისა და რესპუბლიკაში პოლიტიკურ ძალთა კონკრეტული განაწილების ცოდნაც.

ალექსანდრე გელოვანი

თავდაპირველად იმის შესახებ, რაც მოხდა. პოლიციამ 11 მარტს, საღამოს დააკავა მოქალაქე, რომელმაც არასწორი პარკირების გამო ჯარიმის გადახდაზე უარი განაცხადა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია.

ეს ქალაქის ხალხმრავალ სავაჭრო უბანში მოხდა, სავაჭრო ცენტრ „ბათუმი პლაზას“ და ქალაქის სანაპიროს უშუალო სიახლოვეს. მდგომარეობა იმითაც გართულდა, რომ დაკავებულმა მანქანა იმისთვის გააჩერა, რომ ეყიდა წამალი მამისთვის, რომელთან ერთად სასაფლაოდან ბრუნდებოდა.

© Google Mapsბათუმის რუკაზე მონიშნულია ადგილი, სადაც 11 მარტის საღამოს პოლიციამ დააკავა მოქალაქე, რომელმაც არასწორი პარკირების გამო გამოწერილი ჯარიმის გადახდაზე უარი თქვა
ბათუმის რუკაზე მონიშნულია ადგილი, სადაც 11 მარტის საღამოს პოლიციამ დააკავა მოქალაქე, რომელმაც არასწორი პარკირების გამო გამოწერილი ჯარიმის გადახდაზე უარი თქვა - Sputnik საქართველო
ბათუმის რუკაზე მონიშნულია ადგილი, სადაც 11 მარტის საღამოს პოლიციამ დააკავა მოქალაქე, რომელმაც არასწორი პარკირების გამო გამოწერილი ჯარიმის გადახდაზე უარი თქვა

კარგად ცნობილი ფაქტია, რომ ქართველებისთვის მშობლების, ისევე, როგორც გარდაცვალების თემა ძალზე სენსიტიურია. შედეგად მოხდა შეხლა-შემოხლა, რომლის შემდეგ კიდევ ექვსი ადამიანი დააკავეს. რამდენიმე წუთში სავაჭრო ცენტრის წინ მოედანზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, რომლებიც პოლიციის „უკანონო“ მოქმედებების წინააღმდეგ ღიად გამოხატავდნენ საკუთარ პროტესტს.

მოგვიანებით გაისმა ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის ახალდანიშნული უფროსის გადადგომის მოთხოვნები და გაჩნდა ლოზუნგები რეგიონში ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ.

შემდეგ საპატრულო პოლიციის სამმართველოს შენობასთან გამოჩნდნენ სახედაფარული ახალგაზრდების ჯგუფები, რომლებიც ცდილობდნენ არ მოხვედრილიყვნენ ტელეკამერების კადრში. ახალგაზრდები დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვდნენ, მოგვიანებით კი სამმართველოს შენობის შტურმით აღება სცადეს. ისინი წვავდნენ და აყირავებდნენ მანქანებს, მათ შორის, პოლიციის მანქანებსაც, ამსხვრევდნენ ვიტრინების მინებს, ამტვრევდნენ საგზაო ნიშნებს. შეკრებილი მასა ღამის ოთხ საათამდე ბობოქრობდა, შემდეგ კი სპეცდანიშნულების რაზმმა დაშალა.

© Google Mapsბათუმის რუკაზე მონიშნულია ადგილები, სადაც განვითარდა მოვლენები 11 მარტის საღამოს (მარჯვენა კუთხეში) და 12 მარტს ღამით (მარცხენა კუთხეში)
ბათუმის რუკაზე მონიშნულია ადგილები, სადაც განვითარდა მოვლენები 11 მარტის საღამოს (მარჯვენა კუთხეში) და 12 მარტს ღამით (მარცხენა კუთხეში) - Sputnik საქართველო
ბათუმის რუკაზე მონიშნულია ადგილები, სადაც განვითარდა მოვლენები 11 მარტის საღამოს (მარჯვენა კუთხეში) და 12 მარტს ღამით (მარცხენა კუთხეში)

სხვადასხვა მონაცემებით, დაკავებულია 40-დან 120 ადამიანამდე. სავაჭრო ცენტრ „ბათუმი პლაზადან“ საპატრულო სამმართველომდე მანძილი ორ კილომეტრზე ოდნავ მეტს შეადგენს. პრაქტიკულად ისინი ერთ ქუჩაზე მდებარეობენ, რომლის ორ ნაწილს სხვადასხვა სახელწოდება აქვს. „ბათუმი პლაზა“ ილია ჭავჭავაძის გამზირზეა, ხოლო საპატრულო პოლიციის სამმართველო ტბელ აბუსერიძის გამზირზე. და აქ პირველი კითხვა ისმის — რატომ დასჭირდათ სამართალდამცველებს ამდენი დრო წესრიგის დასამყარებლად?

პოლიცია - Sputnik საქართველო
არეულობა და ქაოსი ბათუმში

ახლა კი შევეხოთ იმას, თუ რა უსწრებდა წინ ამ მოვლენებს. ჯერ კიდევ 9 მარტს ვინმე მერაბ ღოღობერიძემ, რომელიც საკუთარ თავს სახალხო დამცველს უწოდებს, სოციალურ ქსელში აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის წინააღმდეგ ფეისბუქ-კამპანია წამოიწყო. თავის პოსტებში ღოღობერიძე ამტკიცებდა, რომ აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს მკვიდრია, ადგილობრივი მოსახლეობა არაერთხელ მოიხსენია დამამცირებელ კონტექსტში და მათ „თათრებს“ უწოდებდა. აქ ჩვენ ძალზე საინტერესო თემას მივადექით, რომლის გამოც გუშინდელი არეულობა რიგითი ხულიგნობის ჩარჩოებს საკმაოდ შორს სცილდება.

აჭარა დედასამშობლოს რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად, 1877-78 წლებში დაუბრუნდა. მანამდე ეს რეგიონი სამასი წლის განმავლობაში ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა და რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობა გამუსლიმანდა. სახელწოდება „აჭარა“ 1921 წლამდე არ არსებობდა, ამ მხარეს, რომელიც ქუთაისის გუბერნიის ბათუმის ოლქის შემადგენლობაში შედიოდა, „მუსლიმანურ საქართველოს“ უწოდებდნენ. ყარსის ხელშეკრულების შედეგების მიხედვით, რომელიც თურქეთმა და გასაბჭოებულმა ამიერკავკასიის რესპუბლიკებმა 1921 წელს გააფორმეს, შეიქმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. რადგან ეთნიკურად აჭარლები ქართველები არიან, ათეისტურ საბჭოთა კავშირში რელიგიური აღმსარებლობის ფაქტორს არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონოდა. თუმცა ჰქონია, და, იმ დროის ნაციონალური პოლიტიკის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელ თანამდებობებზე მხოლოდ აჭარლები ინიშნებოდნენ.

ეროვნული თვითშეგნების ამაღლების პერიოდში 1989-91 წლებში აჭარლების მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, ქრისტიანობას დაუბრუნდა. ასლან აბაშიძის მმართველობის დროს აჭარა პრაქტიკულად დამოუკიდებელ ტერიტორიულ ერთეულს წარმოადგენდა. ის საქართველოს შემადგენლობაში კი შედიოდა, მაგრამ ცენტრალურ ბიუჯეტში არც გადასახადებს, არც საბაჟოსა და პორტის შემოსავლებიდან თანხებს არ იხდიდა. რასაკვირველია, ყველა საკადრო საკითხი ადგილზევე წყდებოდა.

ერთ–ერთი ქართული ტელეარხის ოპერატორი ბათუმში არეულობებისას დამწვარ ავტომობილს იღებს - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“: „ნაცმოძრაობა“ საქართველოში არეულობებს ვერ დააბრუნებს

ავტონომიური რესპუბლიკის საკადრო პოლიტიკაში შაბლონების რღვევა უკვე ნაციონალების ხელისუფლების დროს მოხდა. მაშინ, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ აჭარაში ავტონომიის შინაგან საქმეთა სამინისტრო გაუქმდა, ახალი შექმნილი კი პირდაპირ თბილისს დაექვემდებარა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე ინიშნებოდნენ არაადგილობრივი კადრები, ხოლო აჭარლები სხვა რეგიონებში ინიშნებოდნენ. თუმცა იმდენად არა, რომ ეს პროცესი ტოტალური ყოფილიყო, მაგრამ პრეცედენტები იყო და არა ერთი. ასე რომ სიტუაცია პერიოდულად მძაფრდებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი შიგნით „დუღდა“ და კონკრეტულ უწყებას ან სამზარეულოს საუბრებს არ სცილდებოდა.

ახლა კი მომხდარის ვერსიებზე გადავიდეთ. პირველი ვერსია — „სახალხო“. ამ ვერსიის თანახმად, ქალაქში მომხდარი არეულობის მიზეზი გახდა ის, რომ ხელისუფლებამ შექმნილ ვითარებაზე დროულად არ მოახდინა რეაგირება. აჭარის მთავრობის მეთაური იმ მომენტში თურქეთში იმყოფებოდა, დანარჩენებმა კი აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკებაზე წასვლა საკუთარ თავზე ვერ აიღეს, დაკავებულთა გათავისუფლებისთვის ზომები არ მიიღეს და, საერთოდ, ყველგან დააგვიანეს, დაწყებული დიალოგით, დამთავრებული ქალაქში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების მიღებით. ამ ვერსიას არსებობის უფლება გააჩნია, რადგან ასეც მოხდა. მაგრამ ამ ვერსიას სუსტი მხარეც აქვს, კონკრეტულად კი — საპატრულო პოლიციის სამმართველოს შენობაზე თავდასხმის ორგანიზებული ხასიათი.

მეორე ვერსია — „ანტიოპოზიციური“. ამ ვერსიის თანახმად, რომელსაც ხელისუფლება ახმოვანებს, ქალაქში მომხდარი არეულობა ყოფილი მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა მოაწყვეს. ამ ვერსიის სასარგებლოდ ის გარემოება მეტყველებს, რომ სამმართველოს შენობაზე თავდამსხმელთა შორის შეინიშნებოდა ოპოზიციური პარტიის ორი-სამი აქტივისტი, ან ყოფილი აქტივისტი. ამ ვერსიის მინუსია ის, რომ თავდამსხმელები იყვნენ ბევრად მეტი, რამდენიმე ათეული. ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ყველა ოპოზიციური პარტია, განსაკუთრებით კი „ნაციონალური მოძრაობა“, სუს-ის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, რთული წარმოსადგენია, რომ სახელმწიფო უშიშროებას ასეთი მოვლენების ორგანიზება გამორჩენოდა.

ვერსია მესამე — „საკადრო“. ხელისუფლების შიგნით არსებულმა გარკვეულმა წრეებმა, რომლებიც აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსით უკმაყოფილონი იყვნენ, მისი გადადგომისთვის მოვლენების პროვოცირება მოახდინეს. ამ ვერსიის სასარგებლოდ ის გარემოება მეტყველებს, რომ საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის წინააღმდეგ ჩაფიქრებული აქციები წინასწარ იყო დაანონსებული, ამ მიზნით სოციალურ ქსელებში აქტიურად მიმდინარეობდა მისი დისკრედიტაციისკენ მიმართული კამპანია. ვერსიის მინუსს კი ის წარმოადგენს, რომ ამ კამპანიის ორგანიზატორთა ვინაობის დადგენა არც ისე რთულია, ამიტომაც ორგანიზატორებმა ძალიან გარისკეს, თუ, რა თქმა უნდა, ზედა ეშელონებისგან „მწვანე შუქი“ არ ჰქონდათ მიღებული.

კიდევ რამდენიმე ვერსია არსებობს — ცენტრალური ხელისუფლების დაინტერესებით დაწყებული, უცხოური სახელმწიფოს სპეცსამსახურების მონაწილეობით დამთავრებული. ვერსიებზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი, და რთული სათქმელია, გავიგებთ თუ არა ოდესმე სიმართლეს ამ მოვლენების ორგანიზატორთა შესახებ. მაგრამ ეს არც ისე მნიშვნელოვანია. სინამდვილეში მნიშვნელოვანია სულ სხვა რამ. ერთი მხრივ, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ სიტუაციაზე კონტროლი აშკარად დაკარგა და, როგორც შედეგი, ქალაქის საპატრულო პოლიციის სამმართველოს შენობის მიმდებარე ტერიტორია რამდენიმე საათის განმავლობაში ვანდალების ხელში იყო. მეორე მხრივ, პოლიციის მიერ ჩატარებულმა ოპერაციამ უნაკლოდ ჩაიარა. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ომბუდსმენის თქმით, პოლიციის მხრიდან ძალადობასთან დაკავშირებული ჩივილები დაკავებულებს არ ჰქონიათ.

რაც შეეხება მშვენიერ ბათუმს, ის იარებს იშუშებს, არა იმდენად ფიზიკურს, რამდენადაც ფსიქოლოგიურს. ქალაქის მცხოვრებლებისთვის შაბათის ღამე ნამდვილ შოკად იქცა. და არა მარტო მათთვის. ვფიქრობ, ეს საქართველოს თითოეულმა მცხოვრებმა იგრძნო.

11 მარტის ღამით ბათუმში განვითარებული მოვლენები „Sputnik საქართველოს“ ფოტომასალაში იხილეთ >>

პოლიციის თანამშრომლები აკავებენ არეულობის ერთ-ერთ მონაწილეს
პოლიციის თანამშრომლები აკავებენ არეულობის ერთ-ერთ მონაწილეს - Sputnik საქართველო
პოლიციის თანამშრომლები აკავებენ არეულობის ერთ-ერთ მონაწილეს
ყველა ახალი ამბავი
0