თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის მაკა ჩიჩუას ნახევარძმას, მიხეილ მგალობლიშვილსб ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარებისათვის 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ნათქვამია სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მგალობლიშვილი მიმდინარე წლის იანვარში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა "ბრაუნინგის" კონსტრუქციის 1922 წლის მოდელის 7.65 მმ-იანი კალიბრის პისტოლეტი ერთი მჭიდით და ერთი ცალი ვაზნით. კიდევ ერთი პისტოლეტი ამოღებულია მიხეილ მგალობლიშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.
სასამართლოზე პირველი ლედის ძმამ დაადასტურა აღნიშნული პისტოლეტების შენახვა და ტარება, თუმცა მიუთითა, რომ ისინი მემკვიდრეობით მიიღო მამისგან.
მიუხედავად იმისა, რომ ნივთები მას მემკვიდრეობით ერგო, სასამართლომ მიხეილ მგალობლიშვილი დამნაშავედ ცნო, რადგან ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, როგორც სამოქალაქო, თავისუფალი ბრუნვიდან ამოღებული ნივთები, ექვემდებარება სპეციალურ აღრიცხვას და შესაბამისი უფლების რეგისტრაციას, ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
ეს მიხეილ მგალობლიშვილის პირველი ნასამართლეობა როდია. გაზეთ "რეზონანსის" მონაცემებით, მგალობლიშვილი სამჯერ ნასამართლევია. პირველად ნარკოტიკების მოხმარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის მას 2008 წელს 2 წლით პატიმრობა და 3000-ლარიანი ჯარიმა მიესაჯა.
2010 წელს მიხეილ მგალობლიშვილს ნარკოტიკების მოხმარებისთვის კვლავ 2 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა, საპროცესო გარიგების შედეგად, სასჯელი 3-წლიანი პირობითი პატიმრობით და 2000-ლარიანი ჯარიმით შეიცვალა.
მესამედ, 2011 წელს, მიხეილ მგალობლიშვილს პირთა ჯგუფის მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 17 წელი მიესაჯა. მაკა ჩიჩუას ძმამ პატიმრობაში 3 წელი გაატარა, რის შემდეგ ის საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.