თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიქტორ ორბანმა თბილისში სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაფართოება განიხილეს.
უნგრეთის სამთავრობო დელეგაცია ორბანის ხელმძღვანელობით საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ხუთშაბათს ჩამოვიდა. ორი ქვეყნის პრემიერებმა თავიდან მოლაპარაკებები პირისპირ გამართეს, შემდეგ — გაფართოებული ფორმატით.
"მიზნად ვისახავთ სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას და საინვესტიციო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას; ამ კუთხით კმაყოფილებით აღვნიშნავ უნგრული კომპანიების მხრიდან ინტერესის ზრდას საქართველოში ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, სასტუმრო ინდუსტრიისა თუ სხვა მნიშვნელოვან სფეროებში დაგეგმილი პროექტებისადმი", — განაცხადა კვირიკაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ამასთან დაკავშირებით მან იმედი გამოთქვა, რომ ქართულ-უნგრული ფორუმი, რომელიც თბილისში პარასკევს დაიწყო, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ახალ ბიძგს მისცემს.
"მოხარული ვარ, რომ წლების მანძილზე საქართველოსა და უნგრეთს შორის მრავალი მიმართულებით მტკიცე და წარმატებული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. ჩვენი თანამშრომლობის პოზიტივზე პოლიტიკური ურთიერთობების სიხშირე მეტყველებს, რაც საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში ორმხრივი ვიზიტებისა და შეხვედრების ინტენსივობაში გამოიხატება", — განაცხადა კვირიკაშვილმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
უნგრეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ სავაჭრო ურთიერთობები ქვეყნებს შორის საკმარისად განვითარებული არ არის.
"ჩვენს ქვეყნებს შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები გააჩნია, მაგრამ ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები ისეთ მაღალ დონეზე არ არის, ამით ვერ ვიამაყებთ. ამიტომ დღეს ჩემი ვიზიტის მიზანია, გამოვხატო მზადყოფნა, გავზარდოთ ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოსა და უნგრეთს შორის და უკვე არსებული პოტენციალი გამოვიყენოთ", — განაცხადა ორბანმა.
უნგრელმა პოლიტიკოსმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებზე.
"არასდროს ვმალავდით, რომ ჩვენ, უნგრელები ვართ ერი, რომელმაც აღმოსავლეთიდან დასავლეთში მიგრაცია განახორციელა, და ყოველთვის ვამაყობთ იმ კვლევებით, რომელსაც კავკასიაში ჩვენი მეცნიერები ატარებენ, და ვცდილობთ ვიპოვოთ ის კავშირები, რომლებიც წარსულში არსებობდა. ჩვენ ვცდილობთ გავაღრმავოთ ჩვენი კულტურული კავშირები, და ვგრძნობთ, რომ გარკვეულწილად ნათესავები ვართ… ეს ძალიან კარგ საფუძველს იძლევა მომავალი მეგობრობისთვის", — განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა გამოხატა.
ამჟამად ორბანი და კვირიკაშვილი ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობენ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორბანის შეხვედრები ქვეყნის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან. ის ასევე გვირგვინით შეამკობს საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები1994 წლის 4 აგვისტოს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ("საქსტატის") მონაცემებით, საქართველოსა და უნგრეთს შორის 2016 წელს სავაჭრო ბრუნვამ 42,5 მილიონი დოლარი შეადგინა.