თბილისში საქართველო-ირანის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანული ინვესტიციები საქართველოში და ტრანზიტი ირანიდან ევროპაში საქართველოს გავლით - თბილისში გამართული ბიზნეს-ფორუმის ძირითადი თემებია. საქართველო-ირანის თანამშრომლობის საკითხები ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის და ენერგეტიკის სფეროებში თბილისში გამართულ ბიზნეს-ფორუმზე განიხილებოდა.

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. საქართველო-ირანის ბიზნეს-ფორუმი საქართველოში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოჰამედ ჯავად ზარიფის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ბიზნეს-ფორუმზე დასასწრებად ირანიდან საქართველოში 22 კომპანიის წარმომადგენელი ჩამოვიდა, ხოლო საქართველოს მხრიდან ფორუმს 75 ქართული კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

„ბიზნეს-ფორუმის მიზანი საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება და ბიზნეს წრეებს შორის საქმიანი თანამშრომლობის გაღრმავება იყო“, — ნათქვამია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ ფორუმის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დასასრულს განაცხადა, რომ საქართველო დაინტერესებულია ირანული ინვესტიციებით.

ირაკლი კობახიძე და მოჰამად ჯავად ზარიფი - Sputnik საქართველო
ირანს საქართველოს საგარეო პოლიტიკა მოსწონს

„იმედი გვაქვს, რომ საქართველო ირანიდან დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას შეძლებს. რა თქმა უნდა, კონკრეტულ მიმართულებებსა და დარგებზე იყო საუბარი, როგორიცაა წარმოება, ტრანზიტი, ფარმაცია, სოფლის მეურნეობა“, — განაცხადა გახარიამ.

ირანის ვაჭრობის, მრეწველობის, მადნეულისა და სოფლის მეურნეობის პალატის ვიცე-პრეზიდენტმა მოჰამედ რეზა ანსარიმ, რომელიც საქართველოში ირანული დელეგაციის შემადგენლობაში ჩამოვიდა, განაცხადა, რომ ირანი ევროპისკენ იაფ სატრანზიტო გზებს ეძებს.

„ჩვენს ინტერესებშია, რომ ევროპისკენ იაფი გზა გვქონდეს და ამაში მთავარ როლს საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ასრულებენ“, — განუცხადა ანსარიმ ქართველ ჟურნალისტებს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებები გამართა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, 2017 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვამ 20,4 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 50%-ით მეტია.

საქართველომ და ირანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 15 მაისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში და თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0