თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. საქართველო თანამიმდევრულ და კონსტრუქციულ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა თბილისში, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ორშაბათს ეწვია. კობახიძესთან შეხვედრამდე გაიმართა მოლაპარაკებები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან. მოგვიანებით გაიმართება ქართულ–ირანული ბიზნეს–ფორუმი.
შეხვედრაზე კობახიძემ და ჯავად ზარიფმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის ტურიზმის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და მრეწველობის მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებაზე. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ირანს ხანგრძლივი და ნაყოფიერი ურთიერთობები აკავშირებთ. ბოლო 25 წლის განმავლობაში ქვეყნებს შორის ჩამოყალიბდა მჭიდრო დიპლომატიური და პოლიტიკური კავშირები, აღნიშნა ჯავად ზარიფმა.
„(ირანის) საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო განვითარდება, რაც ორ ქვეყანას შორის საქმიანი ურთიერთობების კიდევ უფრო გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, — აღნიშნულია პარლამენტის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს პრემიერ–მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ირანში, რომელიც კვირის ბოლოს გაიმართება.
კობახიძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილურობა რეგიონში.
პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმარს განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. მისი განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა სწორედ თანამიმდევრული რეფორმების შედეგია.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრემიერ–მინისტრთან და პრეზიდენტთან.
საქართველომ და ირანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 15 მაისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში და თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.