თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე მუშაობს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
მოლაპარაკებების დაწყებამდე საქართველოსა და ინდოეთის თანამშრომლობის პერსპექტივების გამოსავლენად კვლევა ჩატარდება.
"გვინდა დავიწყოთ კვლევა ინდოეთის მიმართულებით. ამისთვის დელიში მიემგზავრება ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით. რამდენიმე თვეში მზად გვექნება კვლევა, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც მოხდება ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყება", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები გაფორმებული აქვს მეზობელ ქვეყნებთან, თურქეთთან, ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებთან. სავარაუდოდ, ახლო მომავალში ხელი მოეწერება შეთანხმებებს ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს რეგიონული ჰაბი ამ მიმართულებით და ეს შესაძლებლობები ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.
საქართველომ და ინდოეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 სექტემბერს დაამყარეს. ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები მნიშვნელოვნად ვითარდება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში.
საგარეო სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსა და ინდოეთს შორის 2016 წელს 100 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის ექსპორტმა შეადგინა 22,2 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა — 77,4 მლნ დოლარი.