ინოვაცია: მაღალტექნოლოგიური საფლავი მარადიული ხსოვნისთვის

© Sputnik / Levan Avlabreliქვაზე დატანილი შტრიხკოდი
ქვაზე დატანილი შტრიხკოდი - Sputnik საქართველო
გამოწერა

სასაფლაოზე მისული ალბათ თითოეული ჩვენგანი დაინტერესებულა სხვისი საფლავებით: წაგვიკითხავს გვარები, გარდაცვალების თარიღი, დავკვირვებივართ სურათებს. ზოგი გმირი იყო, ზოგი გამომგონებელი, პოეტი, მუსიკოსი, ან უბრალოდ, კაცი, რომელიც უყვარდათ მისი ადამიანობის გამო. მაგრამ ჩვენ რა ვიცით ამ ხალხის შესახებ? რა და… არც არაფერი.

სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოში გამოჩნდა კომპანია, რომლის მიზანია ჩვენი მიცვალებულების, გამოჩენილი ადამიანების, გმირების შესახებ სამუდამოდ შევინახოთ ხსოვნა, გადავცეთ მათი ისტორია მომავალ თაობებს. ეს კომპანია გახლავთ "ქრონოსი".

ალბათ, დაინტერესდებით რას საქმიანობს ეს კომპანია. "ქრონოსი" ამზადებს ინფორმაციულ ქვას, რომელშიც "ჩატვირთულია" ამა თუ იმ ადამიანის შესახებ უნიკალური ისტორია, და რომელიც შეინახება მანამ, სანამ იარსებებს ინტერნეტი.

© Sputnik / Levan Avlabreliგიორგი მაჭავარიანი და მაია ხოფერია
გიორგი მაჭავარიანი და მაია ხოფერია - Sputnik საქართველო
გიორგი მაჭავარიანი და მაია ხოფერია

თქვენი წინაპრის, ან თუნდაც თქვენს შესახებ ინფორმაციის შენახვა ხდება მარტივად. თქვენ ის უბრალოდ უნდა მიაწოდოთ კომპანია "ქრონოსს" — იქნება ეს სურათები თუ ვიდეოები — ისინი კი შექმნიან უნიკალურ ქვას, რომელიც ერთ პიროვნებას ებმება და მის შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაციას მოგვცემს.

"ქრონოსის" გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დანიშნულების ძეგლებზე: ტურისტულ თუ გამოჩენილი მოღვაწეების ძეგლებზე, ჩვეულებრივ საფლავის ქვებზე და ა.შ. საიტის ბაზის მეშვეობით, დაკარგული საფლავების მოძებნაც კი იქნება შესაძლებელი.

ამ საქმეში სამი ადამიანია ჩართული. "ქრონოსის" დირექტორი გიორგი მაჭავარიანი, თანადამფუძნებლები: მაია ხოფერია და ზაზა ჯაველიძე. ისინი ახლო მეგობრები არიან და იდეა ახლობლის საფლავზე ერთად ყოფნისას ეწვიათ, როდესაც მის შესახებ ხან სევდიან, ხანაც მხიარულ ისტორიებს იხსენებდნენ. სწორედ მაშინ გადაწყვიტეს, შეექმნათ რაღაც ისეთი, რისი საშუალებითაც ამ ისტორიებს სხვა ადამიანებსაც გადასცემდნენ და გაუზიარებდნენ, თუნდაც, მომავალ თაობებს.

სოფი მუხულიშვილის და თამარ აფციაურის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ხუთი ლარით დაწყებული ბიზნესი და წარმატების საიდუმლო ხელოვანი გოგონებისგან

ხომ ცნობილი ფაქტია, რომ ბევრმა ადამიანმა საერთოდ არაფერი იცის, ვინ იყო, რას წარმოადგენდა მისი, ვთქვათ, პაპის პაპა. არადა, ყველას სურს, რომ რამე იცოდეს წინაპრების შესახებ. ამიტომ მეგობრებმა სერიოზული ფიქრი დაიწყეს, მოიძიეს ინფორმაცია აღმოაჩინეს, რომ თურმე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობს მათი იდეის ანალოგი. აი საქართველოში კი ისინი პირველები არიან, ვინც ეს სერვისი დანერგა.

გიორგი მაჭავარიანს, მაია ხოფერიასა და ზაზა ჯაველიძეს მეგობრების გარდა თანამშრომლობაც აკავშირებთ — ბიზნესპარტნიორები არიან, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობენ ერთად და მინდა აღვნიშნო, საკმაოდ წარმატებითაც.

საბოლოოდ, მეგობრების მონდომებისა და ცოდნის შეჯერების შედეგად, დაიბადა "ქრონოსი", ანუ პატარა ზომის ქვა (10სმ x 10სმ), რომელზეც დატანილია QR და რომელიც თავსდება სასაფლაოზე. იქ მისულ პირებს საშუალება ექნებათ, QR-ის წამკითხველი აპლიკაციის მეშვეობით, გახსნან ამა თუ იმ პიროვნების ვებგვერდი და გაიგონ მისი ისტორია. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც "ქრონოსი" შეინახავს, მსოფლიოში არსებულ ყველაზე მძლავრ "ღრუბლოვან " (Microsoft Azure) სერვერებზე განთავსდება. ეს კი ინფორმაციის დაცულობას და შენახვის მუდმივობას უზრუნველყოფს.

© www.qronosi.geბორის ანტონოვის ისტორია ქრონოსის ვებ-გვერდზე
ბორის ანტონოვის ისტორია ქრონოსის ვებ-გვერდზე - Sputnik საქართველო
ბორის ანტონოვის ისტორია ქრონოსის ვებ-გვერდზე

როგორც "ქრონოსის" დამფუძნებლები აცხადებენ ქართულმა საზოგადოებამ დადებითად მიიღო ეს წამოწყება.

გიორგი მაჭავარიანი:

"აზრი ყოველთვის შეიძლება იყოს განსხვავებული და ამას მივესალმებით. ამაში არაფერი ცუდი არ არის, ეს არის უბრალოდ QR ინფორმაცია, რომელიც იაპონელებმა გამოიგონეს 90–იან წლებში. ეს არის ლინკი, რომელიც უნიკალური სურათითაა გამოხატული. QR გვხვდება როგორც ავტომობილის სანომრე ნიშნებზე, ისე ახალი მართვის მოწმობებზე, ტექ-პასპორტზე, საკვებ პროდუქტებზე და ა.შ. ეს არის დიდი ინფორმაციის შემოკლებული ვარიანტი. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ უარყოფითად მიეღოთ. მინდა ვთქვა, რომ საზოგადოება საკმაოდ კარგად გამოეხმაურა ამ წამოწყებას. თუმცა ისიც უნდა ავღნიშნო, რომ ყველა პროდუქტს ჰყავს როგორც დადებითად, ისე უარყოფითად შემფასებელი".

ფოტოალბომი - Sputnik საქართველო
ქართველი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ბრენდი და მათი წარმატების საიდუმლო

"ქრონოსის" დამფუძნებლებს დამკვეთები უკვე ჰყავთ. ამ ეტაპზე ინფორმაციული ქვები უკვე დგას რამდენიმე საფლავზე. უახლოეს ხანებში კი კიდევ რამდენიმე ადგილზე გამოჩნდება.

გიორგი მაჭავარიანი:

"ჩვენ შევძლებთ მომავალი თაობებისთვის სწორი ინფორმაციის გადაცემას. ეს კეთდება სწორედ მომავალი თაობებისთვის, რომლებიც ვერ მოესწრნენ ამა თუ იმ ადამიანის ცხოვრებისა თუ მოღვაწეობის წლებს.

"ქრონოსი" ძალიან კარგია ტურისტებისთვის, რადგან ინფორმაცია განთავსებული იქნება ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. ხომ გინახავთ, ისტორიულ ძეგლებსა თუ გამოჩენილი ადამიანების ქანდაკებებზე დამაგრებული პატარა დაფა, რომელზეც ძალზე მწირი ინფორმაციაა დატანილი, იმიტომ რომ მეტის განთავსება შეუძლებელია. "ქრონოსი" კი იძლევა საშუალებას, რომ ძალიან მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს ვრცელი, ამომწურავი ინფორმაცია ამა თუ იმ ადამიანზე, ძეგლსა თუ ადგილზე".

ყველაზე საინტერესო არის ის ფაქტი, რომ ცოცხალ ადამიანსაც შეუძლია წინასწარ გაიკეთოს ქვა და საკუთარ თავზე ამომწურავი ინფორმაცია დაუტოვოს შთამომავლობას. ეს ერთგვარი გზავნილიც იქნება მომავალი თაობებისთვის.

ფასები საკმაოდ მისაღებია და ხელმისაწვდომი: იწყება 55 ლარიდან და იზრდება პაკეტის შესაბამისად. არსებობს სამი განსხვავებული პაკეტი, ამიტომ ფასებიც განსხვავებულია.

  • პირველი ვარიანტში მომხმარებელს სთავაზობენ "ქრონოსზე" ექვსი სურათის, ტექსტის, სასაფლაოს მისამართის დატანასა და შავი ფერის გრანიტის ქვას.
  • მეორე ვარიანტია: 11 სურათი, ტექსტი, სასაფლაოს მისამართი და ქვის ფერის არჩევანი.
  • ხოლო მესამე ვარიანტია 16 სურათი, ტექსტი, ვიდეო, სასაფლაოს კოორდინატის აღება, ქვის ფერის არჩევანი, ასევე მონტაჟი და ერთწლიანი დაზღვევა. დაზღვევა გულისხმობს ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში ქვის აღდგენას.

 

ყველა ახალი ამბავი
0