თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ცნობილი ქართველი დირიჟორისა და კომპოზიტორის, ჯანსუღ კკახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი თბილისში მუსიკის მსოფლიო და ქართველ ვარსკვლავებს მესამედ მოუყრის თავს.
საფესტივალო კონცერტები 2017 წლის 10–27 მაისს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ–კულტურულ ცენტრში ჩატარდება. სცენაზე აჟღერდება სხვადასხვა ჟანრის – ჯაზი, სიმფონიური და ქართული ხალხური მუსიკა.
ფესტივალის მონაწილეთა შორის არიან პატი ოსტინი – ცნობილი ამერიკელი მომღერალი ჯაზის, ფანკის, სოულის, რიტმ–ნ–ბლუზისა და გოსპელის სტილში, "გრემის" მფლობელი ნომინაციაში "ჯაზის საუკეთესო ვოკალი", ბობ ჯეიმსის ჯაზ–ტრიო აშშ–იდან და შვედური ვოკალური ჯგუფი The Real Group.
ფესტივალზე ქართულ მუსიკას წარმოადგენენ ჯგუფი "ირიაო" და თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კაიძის დირიჟორობით.
ფესტივალის დეტალური პროგრამა იხილეთ აქ.
ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ფესტივალი 2015 წელს დაარსდა. მისი მიზანია შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება ჯაზის მსოფლიო ვარსკვლავებსა და თბილისის სიმფონიურ ორკესტრს შორის, ასევე მსმენელისთვის პოპულარული უცოური და ქართული მუსიკალური ნაწარმოებების წარდგენა.
ფესტივალის დაფუძნების ინციატორია ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ–კულტურული ცენტრი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. პირელი ფესტივალი ჯანსუღ კახიძის იუბილეს მიეძღვნა.
გასულ წელს ფესტივალზე გამოვიდნენ პოპულარული ამერიკული ვოკალური სექსტეტი Take 6, ბრაზილიელი კომპოზიტორი, მომღერალი და ჯაზ-მუსიკოსი ივან ლინსი. ასევე გაიმართა "რუსთავის", "ბასიანის", "გეორგიკას", "დიდგორისა" და სხვა ქართული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები.
ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ფესტივალი მთავრობის პროექტის Check in Georgia ფარგლებში ტარდება, რომელიც მოწოდებულია, ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზებასა და მსოფლიოში მისი საერთაშორისო იმიჯის ამაღლებას.