თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. პერმის თეატრ "У Моста"-ს გასტროლები პირველად შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე 2017 წლის 27 და 28 აპრილს გაიმართება.
თეატრი „У Моста“ — ნაციონალური პრემიის „ოქროს ნიღბის“ სამგზის ნომინანტი და ლაურეატია, ასევე საერთაშორისო თეატრალური ფორუმის „ოქროს რაინდი 2014“-ის გრან-პრის მფლობელი, უცხოური ფესტივალებისა და საერთაშორისო ფესტივალების 40 გრან-პრის მფლობელი.
ქართულ სცენაზე თეატრ „У Моста“-ს დასი წარადგენს ორ სპექტაკლს: 27 აპრილს, 19:00 საათზე — მარტინ მაკდონაჰის „Калека с Инишмана“-ს (The Cripple of Inishmaan) და 28 აპრილს, 19:00 საათზე აქვსენტი ცაგარელის „ხანუმას“.
ჟურნალ Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, თეატრი „У Моста“ რუსეთის საუკეთესო თეატრების ათეულში შედის. თეატრს წარმატებული გასტროლები ჰქონდა ინდოეთში, ეგვიპტეში, ავსტრიაში, გერმანიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, ბულგარეთში, სერბეთში, კოსოვოში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, მაკედონიაში, მონტენეგროში, ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთში, უკრაინაში, ბელარუსში, უნგრეთში, სლოვაკეთში, სლოვენიაში, რუმინეთში და რუსეთის მრავალ ქალაქში.
„У Моста“ — საავტორო თეატრია, რომელიც აგრძელებს რუსული ფსიქოლოგიური თეატრის საუკეთესო ტრადიციებს და ამავე დროს რეპერტუარული თეატრის და თეატრ-ლაბორატორიის იდეებს ითავსებს. თეატრის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია რუსეთის დამსახურებული არტისტი სერგეი ფედოტოვი.
2010 წელს სპექტაკლი „Калека с Инишмана“ „ოქროს ნიღბის“ ნაციონალური პრემიის ლაურეატი გახდა. მაკდონაჰის უცნაური, სასაცილო და გულისამაჩუყებელი ისტორია წმინდა ირლანდიულად არის გადმოცემული, გმირები თავხედები და მხიარულები არიან, პერმელმა მსახიობებმა ირლანდიის მთლიანი ისტორია თითქოსდა საკუთარ თავზე გადაიტანეს.
„ხანუმა“ — ორი მაჭანკლის მეტოქეობის შესახებ დადგმული მუსიკალური კომედიაა, მოქმედება XIX საუკუნის საქართველოში ხდება. ქართულ კოლორიტს თეატრის წამყვანი მსახიობები ქმნიან, ავლაბრის ფონზე ტრადიციულ ქართულ ცეკვებს და სიმღერებს ასრულებენ. სპექტაკლი ქართველ მაჭანკალზე მოგვითხრობს, რომელიც თავისი „კლიენტების“ ბედნიერებაზე ზრუნავს და ამ ბედნიერებას არამარტო მათთვის, თავისთვისაც პოულობს.