თბილისში "კარმენის" ახალ დადგმას წარმოადგენენ

© Facebook / photo: Slow Mo / FBანიტა რაჭველიშვილი
ანიტა რაჭველიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კარმენის პარტიას ცნობილი საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი შეასრულებს.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ჟორჟ ბიზეს "კარმენის" ახალი დადგმა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე 20 აპრილს გაიმართება.

პროსპერ მერიმეს ნოველის მიხედვით შექმნილ ოპერაში (ლიბრეტოს ავტორები ანრი მელიაკი და ლუდოვიკ ჰალევი) მთავარ პარტიას მსოფლიოში ცნობილი ქართველი მეცო–სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი შეასრულებს, აღნიშნავენ თეატრში.

დონ ხოზეს პარტიას ასრულებს გიორგი ონიანი, ესკამილიოს – ნიკოლოზ ლაგვილავა, მიქაელას – ირინა თაბორიძე. წარმოდგენაში ასევე მონაწილეობენ საოპერო მომღერლები ირაკლი მუჯირი, თამაზ საღინაძე, ნინო ჩიჩუა, ნუცა ზაქაიძე, გიორგი ჭელიძე და ლაშა სესიტაშვილი.

პაატა ბურჭულაძე - Sputnik საქართველო
პაატა ბურჭულაძე დიდ სცენას უბრუნდება

წარმოდგენას უდირიჟორებს ზაზა აზმაიფარაშვილი, რეჟისორია ლევან წულაძე, სცენოგრაფი – ირაკლი ავალიანი, კოსტიუმების მხატვარი – პოლინა რუდჩიკი, ქორეოგრაფი – გია მარღანია. დადგმა განხორციელდა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" ფინანსური მხარდაჭერით.

20 აპრილის წარმოდგენაზე ბილეთები უკვე გაყიდულია, თუმცა "კარმენს" ასევე წარმოადგენენ 21 და 27 აპრილს.

ოპერის პრემიერა 1875 წლის 3 მარტს პარიზის Opera-Comique–ს სცენაზე გაიმართა და სრული კრახით დასრულდა. შემდეგ პრესისა და კრიტიკოსების გამოძახილმა თავისი გაიტანა და ოპერა საპრემიერო სეზონში ორმოცდაათჯერ მაინც წარმოადგინეს.

პრეს-კონფერენცია ფესტივალ აღდგომიდან-ამაღლებამდე დაწყების წინ - Sputnik საქართველო
ბელინის ოპერის „ნორმას“ პრემიერა საქართველოში ფესტივალზე გაიმართება

ამის შემდეგ "კარმენი" სცენიდან დიდი ხნით გაქრა. 1883 წელს ის ერნესტ გიროს რედაქციით განახლდა. მან შეცვალა სასაუბრო დიალოგები რეჩიტატივებით, ჟორჟ ბიზეს სხვა ნაწარმოებებიდან ფრაგმენტების გამოყენებით დაამატა რამდენიმე საბალეტო სცენა. პარიზის სცენაზე ოპერის დაბრუნებაში არცთუ მცირე როლი შეასრულა "კარმენის" ტრიმფულმა სვლამ ევროპის, რუსეთისა და ამერიკის ქალაქებში.

"კარმენი" დღემდე საოპერო ჟანრის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია.

ყველა ახალი ამბავი
0