თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქვეყნოდ ცნობილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკიდან წასვლა და კვლავ დიდ სცენაზე დაბრუნება გადაწყვიტა, იუწყება ტელეარხი „რუსთავი 2“.
მსოფლიო ბანის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დღეს გამართულ პარტიულ ყრილობაზე გახდა ცნობილი.
„მან დატოვა პარტია. ის საქართველოს დატოვებას, როგორც ასეთი, არ აპირებს, თუმცა საერთაშორისო სცენაზე ბრუნდება“, — განაცხადა პარტიის ახალმა თავმჯდომარემ ნიკა მაჭუტაძემ.
ახლა პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“ ახალგაზრდულ პარტიად გარდაიქმნება, განათლებით იურისტი მაჭუტაძე 24 წლისაა.
მისი თქმით, პარტიის მიზანი იმ ბრძოლის გაგრძელება და იმ ამოცანების შესრულებაა, რომლებსაც თავიდანვე ისახავდა „სახელმწიფო ხალხისათვის“.