ვინჩენცო ბელინის ოპერის „ნორმას“ პრემიერა მუსიკალურ ფესტივალზე „აღდგომიდან ამაღლებამდე“ შედგება. ეს საქართველოსთვის განსაკუთრებულ ისტორიულ მოვლენას წარმოადგენს, მიიჩნევს ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, ოპერის მომღერალი იანო ალიბეგაშვილი.
კლასიკური, საოპერო და საგუნდო მუსიკის ყოველწლიური საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ საქართგველოში 2017 წლის 20 აპრილიდან 25 მაისის ჩათვლით გაიმართება. კონცერტები დაგეგმილია როგორც საქართველოს დედაქალაქში, ისე ქვეყნის რეგიონებში — კახეთში (თელავი), იმერეთში (ქუთაისი) და აჭარაში (ბათუმი). საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“ 2017 წელს ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ საინფორმაციო პარტნიორი გახდა.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საოპერო ხელოვნების უცხოელი ვარსკვლავები და ქართველი მუსიკოსები, რომელბიც წარმატებულად მოღვაწეობენ საქართველოსა და უცხოეთში.
„მოხარული ვარ, რომ წელს ამ შესანიშნავ ფესტივალს ვხელმძღვანელობ. დღესაც მახსოვს, პირველად როგორ ჩატარდა ის, როდესაც საქართველოში სოლო-კონცერტი ჩავატარე. მინდა ვთქვა, რომ „ნორმა“ საქართველოსთვის — ეს, გადამეტების გარეშე, ისტორიული ფაქტია. ჩემი მხრიდან მასში ჩემებური მეთოდი შევიტანე — საინტერესო შერეული შემადგენლობა, რომელშიც ქართველი და უცხოელი შემსრულებლები შედიან. თანაც ჩვენს ფესტივალში ახალგაზრდა ტალანტების მონაწილეობაზე მშვენიერი კასტინგი ჩავატარეთ, რადგან მიმაჩნია, რომ მუსიკოსების ახალ თაობას მხარდაჭერა და წახალისება სჭირდება, როგორც ეს იყო ოპერის თეატრსა და კონსერვატორიაში ჩემს შემთხვევაში. და ამან ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა“, — განაცხადა ალიბეგაშვილმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ფესტივალის გახსნას მიეძღვნა.
იტალიელი კომპოზიტორის ოპერის ფემინისტური მიდრეკილება საქართველოში პირველად ჩამოსულმა ცნობილმა იტალიელმა ბანმა ფრანჩესკო ელერო დარტენიამ აღნიშნა.
„შეიძლება ითქვას, რომ „ნორმა“ ფემინისტური ოპერაა. ქალის როლები აქ მამაკაცის როლებზე დომინირებენ. შესაბამისად, მამაკაცის სახე ოპერაში ოდნავ ჩრდილში მოექცა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მამაკაცის პერსონაჟის პარტია ამ დადგმაში უსასრულო მეჩვენება. მინდა გავიხსენო, რომ როდესაც ბელინიმ „ნორმა“ დაწერა, მთავარი გმირის როლზე მიიწვიეს სუსტი გულის მქონე ოპერის მომღერალი. და კომპოზიტორს ძალიან ეშინოდა, რომ არტისტი პირდაპირ სცენაზე არ მომკვდარიყო. მაგრამ მას უამრავი მოვლენა, ღალატი და სიკვდილი ერგო წილად“, — უამბო ქართველ ჟურნალისტებს იტალიელმა ბანმა.
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე" 2006 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საქველმოქმედო ფონდმა დააარსა აკაკი რამიშვილის ფონდთან ერთად. ფესტივალის სამხატვრო ხელმძრვანელია იტალიაში მცხოვრები ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი იანო თამარ ალიბეგაშვილი, ღონისძიების მრჩეველია პიანისტი ალექსანდრე კორსანტია.
პროექტი საქართველოს კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ღონისძიების მიზანია ქართველი შემსრულებლების შემოქმედების პოპულარიზება და კლასიკური და საეკლესიო მუსიკისადმი ახალგაზრდობის ინტერესის გაზრდა. წელს ფესტივალი კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.