თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში თავის ფრანგ კოლეგა ჟან–ივ ლე დრიანთან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შესახებ შეთანხმების ფარგლებში სამომავლო ქმედებებზე იმსჯელა.
საქართველომ ფრანგულ მხარესთან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შესყიდვის თაობაზე ორი შეთანხმება 2015 წლის ზაფხულში გააფორმა. დოკუმენტს გრიფი "საიდუმლო" დაედო. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთი საქართველოს VL MICA–ს ტიპის საზენიტო–სარაკეტო კომპლექსებსა და მობილურ რადიოლოკაციურ სადგურებს გადმოსცემს.
"თავდაცვის მინისტრთან ერთად დავგეგმეთ თანამშრომლობის კონკრეტული გეგმა, რომელიც პირველ რიგში, უკავშირდება საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებას საქართველოში. თქვენ იცით, რომ ძალიან კარგად ვასრულებთ კონტრაქტით გათვალიწინებულ პირობებს. დღეს ჩვენ განვიხილეთ მომდევნო ეტაპი კონტრაქტით გათვალისწინებული პირობებისა. კერძოდ, ვგეგმავთ ჩვენი სპეციალისტების გადამზადებას, რომლებსაც ექნებათ შემდეგ ამ თავდაცვითი სისტემის გამოყენების უნარი", – განაცხადა იზორიამ შეხვედრის შემდეგ.
საფრანგეთში გამგზავრებამდე ლევან იზორიამ საქართველოს პარლამენტში განაცხადა, რომ ქართული მხარე დაახლოებით 37 ადამიანის გადამზადებას გეგმავს, რომლებიც რომლებიც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემასთან იმუშავებენ.
ლევან იზორიამ და ჟან–ივ ლე დრიანმა შეხვედრისას ასევე განიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში საფრანგეთის სამხედრო ხომალდი შემოვა.
ბათუმის პორტში 2016 წლის ოქტომბერში საფრანგეთის სამხედრო–საზღვაო ძალების საბრძოლო გემი Premier maitre l'Her შემოვიდ.
"საფრანგეთის მხრიდან დინამიკა მზარდია, კერძოდ, წელს შავ ზღვაში მორიგი სამხედრო ხომალდის გამოგზავნა იგეგმება, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება. საფრანგეთი ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირედ რჩება და ჩვენი სამხედრო აღმშენებლობის საქმეში უფრო დიდ წვლილს შეიტანს", – აღნიშნა იზორიამ.
იზორიამ ასევე აღნიშნა საფრანგეთის მიერ საჩხერის სამთო მომზადების სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილი, რომელიც 2004 წელს დააარსეს. სწავლების კურსს შემუშავებას დღემდე საფრანგეთის სამთო მომზადების ცენტრი ახორციელებს.
"ჩვენ ასევე დავგეგმეთ მჭიდრო თანამშრომლობა განათლების სფეროში. სამხედრო განათლების კუთხით ჩვენ გვყავს ძალიან წარმატებული ოფიცრები, რომლებმაც განათლება საფრანგეთში მიიღეს. ძალიან წარმატებულია სამთო მომზადების სკოლა, სადაც ბევრი უცხოელი იღებს საქართველოში განათლებას. ამ სკოლის დაარსებასა და შემდეგ მისი განვითარების საქმეში საფრანგეთსა და მის მოქმედ მინისტრს აქვს ძალიან დიდი წვლილი", – განაცხადა იზორიამ.
შეხვედრის დასასრულს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფრანგ კოლეგას საქართველოში, ოქტომბერში დაგეგმილ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-11 კონფერენციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ფორუმში საფრანგეთიდან მაღალი დონის დელეგაციის მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.