Tbilisi Fashion Week–ის გახსნა ლეგენდარულ სოფიკო ჭიაურელს მიეძღვნება

© photo: Sputnik / Vasily Malyshev / გადასვლა მედიაბანკშისოფიკო ჭიაურელი
სოფიკო ჭიაურელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მოდის კვირეული თბილისის ღვინის №1 ქარხნის სივრცეში პერფორმანსით გაიხსნება, რომელიც ლეგენდარული მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის ხსოვნას ეძღვნება.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. თბილისის მოდის კვირეულის (Tbilisi Fashion Week) გახსნა თეატრისა და კინოს ლეგენდარულ მსახიობს, სოფიკო ჭიაურელს მიეძღვნება, რომელსაც წელს 80 წელი შეუსრულდებოდა.

Tbilisi Fashion Week–ის მეთხუთმეტე სეზონი, რომელზეც წარმოადგენენ ქართველი და უცხოელი დიზაინერების შემოდგომა–ზამთარი 2017–ის კოლექციებს, თბილისში 19–23 აპრილს ჩატარდება. კვირეულის ყველა მთავარი მოვლენა იოსებ გრიშაშვილის სახელობის ისტორიის მუზეუმ "ქარვასლაში" გაიმართება.

Tbilisi Fashion Week–ის გახსნის საღამოს თემატიკა საკულტო მსახიობის ტანსაცმლის სტილსა და თავად პერსონას მიეძღვნება, რომელმაც ქართულ კინემატოგრაფში მთელი ეპოქა შექმნა.

Tbilisi Fashion Week-ის ორგანიზატორების პრესკონფერენცია - Sputnik საქართველო
დემნა გვასალია თავის გამოცდილებას ქართველ დიზაინერებს გაუზიარებს

ღონისძიება, რომელზეც მაყურებელს სოფიკო ჭიაურელის პატივსაცემად პერფორმანსი იქნება წარმოდგენილი, თბილისის ღვინის №1 ქარხნის სივრცეში ჩატარდება.

წარმოდგენის დროს მოდელები გააცოცხლებენ სცენებს კინომიუზიკლიდან "ვერის უბნის მელოდიები", ასევე მოტივებს სერგო ფარაჯანოვის ფილმიდან "ბროწეულის ფერი".

ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ მოსაწვევებითა და აკრედიტაციით.

წელს Tbilisi Fashion Week–ის მონაწილეები არიან ისეთი ახალგაზრდა და ნიჭიერი დიზაინერები და ბრენდები, როგორიცაა მარიამ გვასალია, LTFR, ანი დათუკიშვილი, Woyoyo, ელენე გიორგაძე, Ethere Accesoires, სალომე ტყაბლაძე, Atelier 27, ლაშა ჯოხაძე, Laboratory The Window, გიორგი ტატანაშვილი და სხვები.

მოდის კვირეულზე კვლავ გაიმართება უკრაინული ბრენდის Lara Quint და ლონდონის ZDDZ ჩვენებები, რომლებიც მრავალი დედაქალაქის მოდის კვირეულებს ამშვენებენ. Tbilisi Fashion Week–ს გააშუქებენ ისეთი ცნობილი გამოცემები, როგორიცაა VOGUE (იტალია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი), Elle (რუსეთი, უკრაინა), Harper's BAZAAR (აშშ), Marie Claire (საფრანგეთი, მონაკო), OFFICIEL (უკრაინა) და სხვები.

KETIone-ის კოლექცია - Sputnik საქართველო
ქართველი დიზაინერების კოლექციამ მოსკოვში მაღალი შეფასება დაიმსახურა

თბილისის მოდის კვირეულზე ისეთი ბრენდების ბაიერებს ელოდებიან, როგორებიცაა Harvey Nichols (ჰონგ-კონგი), Rijoux Store (თელ-ავივი, ისრაელი), Concept Store PORTA 9 (რუსეთი), Al Duca D"acosta (ვენეცია), Joseph Store (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) და სხვები. სწორედ ისინი გააცნობენ სამყაროს ქართული მოდის სიახლეებს.

კვირეულზე ასევე Barneys NEW YORK-ის, Vogue Italia-ს, ELLE-ის მოდური ბლოგერისა და ჟურნალისტის როზა სინაისკაიას ვიზიტს ელიან. Tbilisi Fashion Week-ის სტუმრებისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თბილისში საექსურსიო ტურს მოაწყობს.

გარდა ამისა, წელს Tbilisi Fashion Week-ზე ახალი პროექტი TALK-ი დაიწყება, რომელიც ქართულ სარეკლამო ონლაინ-გამოცემა Marketer.ge-სთან თანამშრომლობით ჩატარდება. ამ პროექტის ფარგლებში 20 აპრილს თემაზე "ბრენდინგი და კომუნიკაციები" დისკუსიას ჩაატარებენ მარანგონის ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტები, რომელიც მოდისა და დიზაინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სკოლაა.

თბილისის მოდის კვირეული (Tbilisi Fashion Week) ტრადიციისამებრ, წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე იმართება. ღონისძიება ჩატარდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე თბილისის მერიის მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0