დემნა გვასალია თავის გამოცდილებას ქართველ დიზაინერებს გაუზიარებს

© photo: Sputnik / Levan AvlabreliTbilisi Fashion Week-ის ორგანიზატორების პრესკონფერენცია
Tbilisi Fashion Week-ის ორგანიზატორების პრესკონფერენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია ქართველი მოდელიერების 25-მდე ჩვენება, გამოფენები და პრეზენტაციები.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. მოდის სახლი Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია, რომელიც Tbilisi Fashion Week-ის საპატიო სტუმარი იქნება, ქართველ დიზაინერებს გამოცდილებას გაუზიარებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე კვირეულის ორგანიზატორებმა განუცხადეს. მოდის კვირეული 31 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით თბილისში გაიმართება

დემნა გვასალია ღონისძიებას მის ძმასთან გურამთან ერთად დაესწრება, რომელიც მოდის სამყაროში ასევე არანაკლებ ავტორიტეტული ფიგურაა. გურამი ცნობილი fashion-კონსულტანტი და ევროპის fashion-ბიზნესის თვალსაჩინო წარმომადგენელია.

© Levan AvlabreliTbilisi Fashion Week-ის ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია გამართეს
Tbilisi Fashion Week-ის ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია გამართეს - Sputnik საქართველო
Tbilisi Fashion Week-ის ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია გამართეს

როგორც Tbilisi Fashion Week-ის მე-13 სეზონის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, საქართველოსთვის ასეთი მასშტაბის სტუმრების მიღება დიდი პატივია.
„დემნა ჩვენი ერთგული მეგობარია, მაგრამ საპატიო სტუმრის რანგში ჩვენთან პირველად იქნება. ის ქართველი დიზაინერებისთვის დახურულ შეხვედრას გამართავს, რომელზეც დამწყებ და უკვე პროფესიონალ მოდელიერებს თავის ძვირფას გამოცდილებას გაუზიარებს. ეს ყველა ქართველი დიზაინერისთვის შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება“, — განუცხადა ჟურნალისტებს Tbilisi Fashion Week-ის დამფუძნებელმა თაკო ჩხეიძემ.

მან დაამატა, რომ Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი „განსაკუთრებული და ძალზე მოკრძალებული ადამიანია“.

© Levan AvlabrelTbilisi Fashion Week-ის ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია გამართეს
Tbilisi Fashion Week-ის ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია გამართეს - Sputnik საქართველო
Tbilisi Fashion Week-ის ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია გამართეს

„მაგალითად, პარიზში მოდების თავის ბოლო ჩვენებაზე, რომელსაც ვესწრებოდი, დემნა შოუს ფინალში მაყურებლის წინაშე არც კი გამოვიდა“, — აღნიშნა თაკო ჩხეიძემ.

ძმები გვასალიების გარდა სეზონის ყველაზე მოდურ მოვლენას თბილისში მოდის ინდუსტრიის სხვა ცნობილი პერსონებიც დაესწრებიან. მათ შორის არიან: ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გლამურული ჟურნალ Vogue-ს ჟურნალისტი სარა მაუერი (Sara Mower), მოდის შესახებ პოპულარული ინტერნეტ-რესურსის Buro 24/7-ის დამაარსებელი მიროსლავა დუმა, მოდის ბლოგერი დარია შაპოვალოვა და ერთ-ერთი საუკეთესო სტრიტ-ფოტოგრაფი ადამ კაც სინდინგი (Adam Katz Sinding).

წელს 2016-2017-ის შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს ქართველი დიზაინერები სასტუმრო Rooms Tbilisi-ში წარმოადგენენ, სადაც შოუ-რუმი და მთავარი პოდიუმი მოეწყობა.

ოფიციალურად კი თბილისის მოდის კვირეულის შოუ-რუმი 26 მარტს სავაჭრო-გასართობ ცენტრ „თბილისი–მოლში“ გაიხსნება. აქ ქართველი მოდელიერების სეზონური კოლექციები ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი.

Tbilisi Fashion Week-ის მე-13 სეზონის დიზაინერთა შემადგენლობაში არიან: გიორგი შაღაშვილი, ჩუბიკა, Dalood, ანუკი არეშიძე, ლაკო ბუკია, მარიამ გვასალია, Mach & Mach, ინკი გოლდი, ნინი ჭელიძე, ატელიე 27 და ტამანინი.

ღონისძიების მსვლელობისას ქართველი მოდელიერების 24-მდე გამოფენა და პრეზენტაციაა დაგეგმილი.

მოდის კვირეულზე თავის ნამუშევრებს პირველად წარმოადგენენ სალომე ღვინიაშვილი, დიზაინერი LALO, ბრენდი More is Love და გვანცა სალაყაია.

გასული სეზონის დებიუტანტი, ფოტოგრაფი და დიზაინერი ირმა შარიქაძე კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში წარადგენს „კაფსულა“–კოლექციასა და პერფომანს-ტანგოს.

მოდის კვირეულის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მასტერ-კლასები და ნიუკამერების (დამწყები დიზაინერების) კონკურსი.

Tbilisi Fashion Week-ის გასაშუქებლად ჩამოვლენ მსოფლიოში ცნობილი მოდის ჟურნალების წარმომადგენლები, მათ შორისაა VOGUE (დიდი ბრიტანეთი, იტალია, რუსეთი), Style du Monde, W Magazine, Glass Magazine, Oyster Magazine, Dazed & Confused, Le21eme.com, frou frou, Dash Magazine. გარდა ამისა, ღონისძიებას დაესწრებიან უცხოელი ბაიერები.
თბილისის მოდის კვირეულის მხარდამჭერები არიან თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ცენტრი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მეწარმეობის განვითარების სააგენტო.

ტრადიციულად, ღონისძიება საქართველოს დედაქალაქში წელიწადში ორჯერ — გაზაფხულსა და შემოდგომაზე იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0