გაზაფხული თანდათან იკრებს ძალას… დღემ საგრძნობლად მოიმატა, გამოიდარა და მეც მოვუხშირე ფეხით სიარულს… ამ რამდენიმე დღის წინათ მოხეტიალემ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან ახლოს მდებარე ე.წ კომერციულ ჯიხურთან, ნაშუადღევისთვის უჩვეულო ხალხმრავლობა შევნიშნე. სავაჭრო ობიექტი არაფრით გამოირჩევა. ძირითადად თამბაქოს ნაწარმი, გამაგრილებელი სასმელები და ტკბილეული იყიდება. შორიდანვე კარგად ჩანდა, რომ შეკრებილები ემოციურად გამოხატავდნენ სათქმელს. ცუდი თვისებაა ჭარბი ცნობისმოყვარეობა, მაგრამ ტემპს ავუჩქარე და სულ მალე მრავალხმიანობის მიუხედავად შინაარსი ადვილი გასარჩევი გახდა… „აგენს არ აუხდა ოცნება!… რა დროს ეს იყო?…“, — აღმოხდა ქალბატონს. „არ თქვა!… სუნთქვას დაგვიშლიან მალე“, — მიუგო ბერიკაცმა და ხელი ჩაიქნია. „აბა, დავილპოთ ფილტვები?…“, — იკითხა ახალგაზრდა გოგონამ. „ამით ვჭამთ პურს მე და ჩემი ოჯახი!…“, — გაისმა პასუხად გამყიდველის სიტყვები. „მოწევის უფლებასაც აღარ გვაძლევენ, რაზეა ლაპარაკი!…“, — დაიჩივლა ახალგაზრდამ და უხეშად მოისროლა სიგარეტის ნამწვი. „ნუ ღელავთ, არაფერი გამოუვათ… ლობისტებიც არ დაუშვებენ და ბიუჯეტიც შესავსებია!…“, — ჩაილაპარაკა მამაკაცმა ტყავის ჩანთით ხელში… კიდევ სხვაც ბევრი ითქვა. ცოტა კორექტულად და ზოგიც „ხალხურად“, თუმცა ყველაფრის განმეორება არ ეგების.
ძნელად მისახვედრი არ იყო, რომ მოქალაქეები მსჯელობდნენ პარლამენტის ერთ-ერთ ბოლო ინიციატივაზე, რომელიც თამბაქოს მოხმარების წესების გამკაცრებას ითვალისწინებს. გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული არ არის, თუმცა თუ კანონმდებლებმა „იჯიუტეს“ მოწევა აიკრძალება პრაქტიკულად ყველგან, გარდა კერძო საცხოვრებელი სახლებისა. თავად არაფერი მითქვამს. ერთხანს დუმილით შემოვიფარგლე და შემდეგ სვლა განვაგრძე… შინ მისული დავინტერესდი რა ბედი ეწია საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. განსაკუთრებული მონდომებისა და ძალისხმევის გარეშე გავარკვიე, რომ მთავრობას თურმე შენიშვნები ჰქონია და ჩვიდმეტგვერდიანი დოკუმენტი პარლამენტს წარედგინა.
მთავრობას მიაჩნია, რომ გაუმართლებელი და მიზანშეუწონელია აკრძალვა, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გადაწყვეტილების მომზადებისა და მიღების პროცესში, თამბაქოს ინდუსტრიის მონაწილეობას ითვალისწინებს.
მთავრობა ცალკეულ რეგულაციებსა და ნორმებს ”ბუნდოვანად” და ”გაუგებრად” აფასებს.
მთავრობას არ მოსწონს პროექტის ის ჩანაწერი, რომლის მიხედვით, იკრძალება თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მისი მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია და განლაგება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე ან ნებისმიერი სხვა სახით იმგვარად, რომ ხილვადი იყოს ობიექტის გარედან და ასევე, ობიექტის შიგნით.
მთავრობის დასკვნით ეს აკრძალვა არ უნდა გავრცელდეს თამბაქოს პროდუქტების განთავსების და რეალიზაციისთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებზე.
მნიშვნელოვანია მთავრობის ხედვა, რომ შენარჩუნდეს მომხმარებლისათვის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა.
ასევე, მთავრობა მხარს არ უჭერს ე.წ. ”დრაივის“ — გზის სავალ ნაწილზე თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვას. საინტერესოა მთავრობის ამ და სხვა შენიშვნებზე რას ფიქრობს კანონპროექტის ინიციატორი…
გუგული მაღრაძე, პარლამენტის წევრი: „ბევრი რამ არასწორად არის გაგებული, მათ შორის ვადების თაობაზე. რა ვადებსაც მთავრობა მოითხოვს, რომ საჭიროა გაცნობიერებისთვის და ცვლილებების განხორციელებისთვის, ეს ვადები ჩადებულია. კანონი ძალაში უცებ არ შედის — ზოგ რეგულაციაზე ერთი წელი, ზოგ რეგულაციაზე კი, უფრო მეტია განსაზღვრული, რათა საშუალება მივცეთ იგივე თამბაქოს ბიზნესს, სარეკლამო ბიზნესს იმისთვის, რომ გადაეწყოს, ხოლო რესტორნებმა გააკეთონ დიზაინური ცვლილებები, რაც საჭიროა იმისთვის, რომ გარეთ მოეწყოს დასაჯდომები მწეველთათვის. თამბაქოს ჩარჩო-კონვენცია, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას გვავალდებულებს. მათ შორის არის ის, რომ თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები არ უნდა მონაწილეობდნენ ჯანდაცვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში. ეს ჩვეულებრივ არის ინტერესთა კონფლიქტი. შესაბამისად თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებს აქვთ მონაწილეობის უფლება იმ საკითხებში, რომელიც ეხება გადასახადებს, აქციზს და ასე შემდეგ, მაგრამ ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, რომელიც უშუალოდ სიგარეტის გამონაბოლქვისგან ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას ეხება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ. თავიდან უნდა ავიცილოთ გავლენები და ინტერესთა კონფლიქტი, რაც ჩარჩო-კონვენციის მოთხოვნაა და ჩვენ ჩვენი კანონპროექტით მისი ერთგული ვართ. მთავრობა მიიჩნევს, რომ თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, პროდუქტის შეთავაზებისას მოსახლეობას აუხსნან პროდუქტის შესახებ. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ, რადგან თამბაქო ფაქტიურად არის ლეტალური პროდუქტი და ამიტომ ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ, რაც არის საერთაშორისო ნორმა და ახალს არაფერს ვიგონებთ — ეს არის გზა, რომელიც გაიარეს ცივილურმა ქვეყნებმა და ასევე, ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა…“
რაც შეეხება საერთასორისო ნორმასა და რეგიონის გამოცდილებას… მსოფლიოს დაახლოებით 110 ქვეყანაში თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვებია დაწესებული. საჯარო და დახურულ სივრცეში თამბაქოს მოწევა სომხეთში 2006 წელს აიკრძალა, თუმცა, აღსრულების ეფექტიანი მექანიზმის არ არსებობის გამო, აკრძალვა ფაქტობრივად უშედეგოა. ბულგარეთში კი, კანონი 2012 წელს მიიღეს. გერმანიის თექვსმეტ რეგიონს, თამბაქოს მოხმარების შესახებ, საკუთარი ინდივიდუალური კანონი აქვს და ზოგ რეგიონში კანონი შედარებით მსუბუქია, ზოგან კი ძალიან მკაცრი. ნორვეგიაში, 1988 წლიდან, მოწევა შეზღუდულია საჯარო შენობებში, სამუშაო ადგილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. 2004 წლიდან კი მოწევა აიკრძალა ყველა დახურულ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მათ შორის სახლში. რუსეთში 2013 წელს ნაწილობრივ, ხოლო 2014 წელს სრულად შევიდა ძალაში კანონი, თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის შესახებ. კანონი ითვალისწინებს შეზღუდვას, როგორც სამუშაო ადგილებზე, თვითმფრინავში, მატარებლებსა და მუნიციპალურ ტრანსპორტში, ასევე, სკოლებში, საავადმყოფოებში, კულტურულ დაწესებულებებსა და სამთავრობო შენობებში. რაც შეეხება თამბაქოს გაყიდვას, ბუტანი გახდა 2010 წელს პირველი ქვეყანა, რომელმაც გაყიდვა და რეალიზაცია აკრძალა…
მთავრობის შენიშვნებსა და დასკვნაზე ხალხის რჩეულები საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვისას იმსჯელებენ. რას გაითვალისწინებენ და რას არა დრო გვიჩვენებს… ჟამი გაარკვევს ყველაზე მთავარსაც — როგორია ქვეყანაში დაბოლების პერსპექტივა…